ბედნიერი ერი!

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო, კომუნისტური რეჟიმის დასუსტების, ეროვნული მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის პირობებში, იძულებული გახდა 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს მიეღო დადგენილებები, რომლითაც, ფაქტობრივად, უკანონოდ აცხადებდა საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში. 9 მარტს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიიღეს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“.

1990 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად შექმნილი ხელისუფლების ორგანოები — რევოლუციური კომიტეტები და საბჭოები, რადგან ისინი არ გამოხატავდნენ ქართული საზოგადოების თავისუფალ ნება-სურვილს. უკანონოდ და ბათილად გამოაცხადა ყველა აქტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებს აუქმებდა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 

საქართველოს ისტორიაზე საუბრისას, კერძოდ კი, საქართველოში 1991 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც ურთულესი გზა გაიარა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ ბევრი განსაცდელი გადაიტანა – სამოქალაქო ომები, სეპარატისტების გაღვივებული და გარედან თავსმოხვეული სამოქალაქო კონფლიქტები. ურთულესი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და საბჭოთა კავშირიდან მიღებული დიქტატორული მემკვიდრეობის მიუხედავად, ასევე, საგარეო აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, არამედ შეძლო განვითარებაც.

საქართველო ყველაზე დინამიკური სახელმწიფოა რეგიონში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე, წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანზიცია, პრეცედენტის შექმნით დაიწყო ევროპული ტიპის დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდაცია. ქართულმა საზოგადოებამ დანერგა ევროპული ღირებულებები, უფრო მეტად გაითავისა კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობა. საქართველომ ყველაზე რთულ და მძიმე ვითარებაშიც კი მოახერხა, კონფლიქტების შეიარაღებული ფაზის დასრულების შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარების განსამტკიცებლად, საერთაშორისო ასპარეზზე ებრძოლა. ამისათვის ჩვენმა სახელმწიფომ  დაიწყო ევროპეიზაციის პროცესი და ჩამოაყალიბა პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. საქართველო, ამ სტრუქტურებთან სათანამშრომლოდ, მზად არის ყველა მექანიზმის გამოსაყენებლად. საქართველომ უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“. 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში გამართულ სამიტზე, პარაფირებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, აღსანიშნავია, რომ დადებითად შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პროგრესის შესახებ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ეგიდით მიიღოს მონაწილეობა.

საქართველოს განვითარებისათვის ხელშემშლელ ფაქტორად რჩება მოუგვარებელი ურთიერთობები რუსეთთან. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის დიდი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხმარდება. საქართველო ცდილობს კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მისთვის არ არის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. საქართველო ცდილობს სეპარატისტული რეჟიმის აღიარების შეჩერებას საერთაშორისო დონეზე, კონფლიქტურ ზონებში სტაბილურობის მიღწევას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უზრუნველყოფას მათ საცხოვრებელ ადგილებში და ბორდერიზაციის აღკვეთას. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურ ასაბლეაზე ყოველწლიურად იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას ემხრობიან.

საქართველოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად შეესაბამება ერთმანეთს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, ამავე დროს, ეს არის მოსახლეობის საერთო ნების გამოვლინება. და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, დასავლეთთან ინტეგრაციის ამოცანის შესრულებასთან, ასე ახლოს, როგორც დღეს, არასოდეს ყოფილა.

 

ავტორის შესახებ:

მე გახლავართ ანა არუთუნიანი, დაბადებული 1998 წლის 29 მაისს, ქალაქ ახალციხეში. დავამთავრე ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლა. ამჟამად ვსწავლობ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე. აგრეთვე, ვმუშაობ ჟურნალისტად და ტელეწამყვანად სომხურენოვან ინტერნეტ-ტელევიზიაში, „Media Analytic Centre“