ცენტრის შესახებ
„ჭავჭავაძის ცენტრი“ ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოში. ცენტრის დამფუძნებლები არიან პოლიტიკოსები, მაღალი რანგის დიპლომატები და გამოცდილი საერთაშორისო იურისტები. ცენტრს გააჩნია ამბიციური, გრძელვადიანი ხედვა, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას განმანათლებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გავრცელების გზით, რათა შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოს მდგრადი განვითარების სტაბილური და შეუქცევადი ფუნდამენტი.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ცნობიერების აღორძინების სიმბოლოა. მისი სახელობის ცენტრი მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი თვითშეგნების შემდგომ ამაღლებას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, პოლიტიკური პროცესების რაციონალიზაციას, რუსულ პროპაგანდასთან ეფექტიან ბრძოლას და, ამ ყოველივეს შედეგად პრაგმატულ მოქალაქეობრივ გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას.
დასავლური ღირებულებების ორგანულად დანერგვის მხარდამხარ, ცენტრი ხელს უწყობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ცენტრისტული და მემარჯვენე ცენტრისტული იდეების გავრცელებას და მათზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
საქართველოს მასშტაბით ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან, თუმცა პრიორიტეტს წარმოადგენენ ახალგაზრდები და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ამჟამად ნაკლები შემხებლობა აქვს დასავლურ სამყაროსთან.
ჩვენი სახელწოდების შესახებ
ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად ქართულ ცნობიერებაში. მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ბანკირი, იურისტი, განმანათლებელი და ჩაგრულთა უფლებების დამცველი, ილია ჭავჭავაძე იქცა განმანათლებლობაზე დაფუძნებული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. იგი იცავდა ღირებულებებს, რომლებსაც დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ და რომლებიც თანამედროვე საქართველოს განვითარების ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურთან ასოცირებულმა რადიკალებმა.
ჩვენი ლოგო
ცენტრის ლოგო განასახიერებს ადამიანის მიერ ფიქრის პროცესში უნებლიეთ შექმნილ ჩანახატს, ხოლო ყვითელი ფერი ასახავს მზის სხივს, როგორც აზროვნებით მიღწეული ნათელი მომავლის სიმბოლოს.
ცენტრის მისია და მიზნები
ჭავჭავაძის ცენტრის მისიაა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროცესების, ასევე უსაფრთხოების სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ევრო-ატლანტიკური პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელება; ცენტრისტულ და მემარჯვენე ცენტრისტულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური მიდგომების მხარდაჭერა. ცენტრი მიზნად ისახავს ასეთი ღირებულებების მქონე აქტიური მოქალაქეების იდენტიფიცირებას და კონსოლიდირებას, ახალი თაობის ოფინიონ-მეიკერთათვის ერთიანი, მდგრადი პლატფორმის მინიჭებას, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის გამოვლენასა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს კარგად ინფორმირებული, რაციონალური კლასის ჩამოყალიბებას, რომელიც აღჭურვილი იქნება იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივ აზრზე და პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენის მოსახდენად. ასეთი საზოგადოება ნაკლებად დაექვემდებარება პოლიტიკურ მანიპულაციებს, მტრულ პროპაგანდას და არ მიიღებს ირაციონალურ გადაწყვეტილებებს. ცენტრის მიზანია აღმოაჩინოს მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდები და შესთავაზოს მათ ფართო ჩართულობის და თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმა, რათა შეიქმნას განათლებული, პასუხისმგებლობის მქონე ახალი თაობის აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც თავს მიუძღვნის დემოკრატიული საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებას და რომელთა მიღწევებიც იქნება მაქსიმალურად შეუქცევადი. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელსაც ექნება აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სიღრმისეული შეგნება და უნარი, ჩაერთოს პოლიტიკურ დისკუსიებში.
ცენტრის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ პროცესებში იმ ახალგაზრდების ჩართვას, რომლებიც პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების მიღმა რჩებიან და ხშირად იმედგაცრუებას განიცდიან, რადგან არსებული სისტემა ვერ ახერხებს მათი აკადემიური თუ კარიერული მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ვისაც არ ეძლევა სოციალური თუ პროფესიული განვითარების, ადეკვატურად დასაქმების შესაძლებლობა საბაზისო პირობების არარსებობის გამო. ახალგაზრდებზე აქცენტს დამატებით განაპირობებს მათი პოტენციალი, გახდნენ მამოძრავებელი ძალა მდგრადი დემოკრატიული და ინსტიტუციონალური პროცესებისა. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ამბიციური, აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების ქსელი და დავეხმაროთ მათ მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, რათა გახდნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან ჩაერთონ საზოგადოებრივი აზრის და მათი საზოგადოების მომავლის ფორმირებაში.
ჭავჭავაძის ცენტრის შექმნის მოკლე ისტორია
2003 წლამდე, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო განიხილებოდა, როგორც არშემდგარი სახელმწიფო - კორუფციის და კრიმინალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით მსოფლიოში. უკიდურესი სიღარიბე და ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნების არარსებობა ქმნიდა სასოწარკვეთის და უიმედობის განცდას. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ქართულმა საზოგადოებამ გაიარა რადიკალური ტრანსფორმაცია, რამაც საფუძველი ჩაუყარა ფუნქციური სახელმწიფოს და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ განხორციელებული ტრანსფორმაცია ფართოდ იქნა აღიარებული, როგორც „ფენომენალური“, მიღწევები მყიფე, ხოლო მათი შენარჩუნება რთული აღმოჩნდა. საქართველოს წარმატების რამდენიმე, ყველაზე ნათელი, მაგალითი ამჟამად უკუსვლას განიცდის. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა მარტივი იყოს: რეფორმები ძირითადად დაიგეგმა და განხორციელდა ე.წ. „ზემოდან-ქვემოთ“ მოდელით, დემოკრატიული ინსტიტუციონალური მიღწევების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის კი, საჭიროა მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა. სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა დამოკიდებულია ძლიერ, აქტიურ მოქალაქეებზე და პოლიტიკური პროცესებისადმი ე.წ. „ქვემოდან-ზემოთ“ მიდგომაზე.
საქართველოს ამჟამინდელი გამოწვევები ადასტურებს ფართო საზოგადოების ჩართულობის დეფიციტს, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების ნაკლებობით, რაც ქართულ საზოგადოებას დაუცველს ხდის „ფეიქ-ნიუსებისა“ და რუსული პროპაგანდის მიმართ. ამომრჩეველთა მიერ ინფორმაციის გაფილტვრისა და ობიექტურად შეფასების უნარ-ჩვევების არარსებობა ქმნის პოპულიზმისა და პოლიტიკური, ხშირად არაკეთილსინდისიერი მანიპულაციისთვის ნოყიერ ნიადაგს. სწორედ ეს პროცესები გახდა თანამედროვე ქართული პოლიტიკის დიდწილად განმსაზღვრელი ფაქტორი. შესაბამისად, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ საქართველოს მიღწევების შესანარჩუნებლად და განსავითარებლად, აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა დემოკრატიული პრაქტიკისადმი, რითაც რეალურად შეეწყობა ხელი პროცესების „ქვემოდან-ზემოთ“ და არა „ზემოდან-ქვემოთ“ განვითარებას.
საქართველოს წინაშე არსებული ინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტური წარმართვისთვის, აუცილებელია, პირველ რიგში, აქტიური სამოქალაქო ჩართულობა. ცენტრის დამფუძნებლებს აქვთ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალ-პროფილური გამოცდილება თანამედროვე, დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენებაში და გააჩნიათ მრავალრიცხოვანი, მყარი დასავლური ღირებულებებისა და სანიმუშო ეთიკის მქონე პროფესიონალთა ქსელი, რომელიც მზად არის, წვლილი შეიტანოს პოლიტიკაში საღი აზრის სტიმულირებასა და კრიტიკული აზროვნების განმტკიცებაში. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ჯანსაღი, დასავლური ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს გავლენა იქონიოს ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ვინ ვართ ჩვენ
ჭავჭავაძის ცენტრი დააფუძნეს ახალი თაობის პოლიტიკოსებმა, მაღალი რანგის ყოფილმა დიპლომატებმა, საჯარო მოხელეებმა, ასევე საკუთარ სფეროებში უდიდესი მიღწევების მქონე საერთაშორისო იურისტებმა. სხვადასხვა უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის დამფუძნებლები იყვნენ პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის ლიდერებს შორის: ისინი იბრძოდნენ პოსტსაბჭოთა მმართველობის, სტერეოტიპებისა და მავნე ტრადიციების წინააღმდეგ, ხელს უწყობდნენ პროდასავლური ღირებულებების და პრაქტიკის დანერგვას სახელმწიფო უწყებებში, ასევე სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. მათ აერთიანებთ საქართველოს მომავლის ჯანსაღი ხედვა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ძალუძს და სურვილი აქვს მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის მომავლის შენებაში. ცენტრის დამფუძნებლებმა თავიანთი კარიერა დაუთმეს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კრიტიკული აზროვნების და აქტიური მოქალაქეობის თვითშეგნების გავრცელებას. მათი მიზანია, ცენტრი აქციონ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პლატფორმად, რომელიც შეუქცევადად გარდაქმნის ქართულ საზოგადოებას პოსტ-საბჭოურიდან თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებად.
პროექტები
დასახული მიზნების მისაღწევად, „ჭავჭავაძის ცენტრმა“ უკვე შეიმუშავა და განავითარა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციული და საგანმანათლებლო პროექტები, რომლითაც ცენტრი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს მოიცვას საქართველოში მცხოვრები მაქსიმალურად დიდი აუდიტორია.