ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ქალაქ ლოძში, 23-25 ოქტომბერს გამართულ „თავისუფლების თამაშების“ (Freedom Games / Igrzyska Wolności) მე-13 ფესტივალში. ეს ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი იდეების ფორუმია. ფესტივალი ფონდ Liberté!-ს ორგანიზებით EC1-ის კულტურულ კომპლექსში ჩატარდა და წლევანდელი თემა „ტექნოლოგია კაცობრიობისთვის“ (Tech for Humanity) იყო. ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტექნოლოგიური განვითარების გავლენაზე საზოგადოებაზე და ციფრულ სამყაროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, ენ აპელბაუმი და სხვები.
პანელურ დისკუსიებში კალანდაძემ საქართველოსა და რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის „ქართული სცენარის“ თავიდან აცილების გზებზე. მან განიხილა, როგორ შეუძლიათ ევროპისა და რეგიონის სახელმწიფოებს ავტორიტარული ტენდენციებისა და სახელმწიფოს მიტაცების თავიდან აცილება - იმ პრობლემების, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. ასევე მან ისაუბრა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე: შეზღუდვებზე, მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებზე და „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონმდებლობის გავლენაზე ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.
კალანდაძემ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ღირებულებების გარშემო საერთაშორისო საზოგადოების, ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანების მნიშვნელობას ამჟამინდელ კონტექსტში.



