ჭავჭავაძის ცენტრმა, მისი აღმასრულებელი დირექტორის, ნინო კალანდაძის სახით, მონაწილეობა მიიღო კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მრავალეროვნული განვითარების პოლიტიკის დიალოგისა და პოლიტიკური ფონდების ევროპული ქსელის (ENoP) მიერ ერთობლივად ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო პოლიტიკური პარტიების მედეგობა უცხოური მავნე ზეგავლენის მიმართ და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის როლი.
შეხვედრაზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და დემოკრატიულმა აქტივისტებმა შრი-ლანკის, კოლუმბიის, ტანზანიის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის გამოცდილება განიხილეს. მავნე ზეგავლენის განხილულ ფორმებს შორის იყო უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI), ფარული დაფინანსება, კიბეროპერაციები, ორგანიზებული დანაშაული და ზეგავლენის კამპანიები.
ნინო კალანდაძემ დისკუსიის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს ადგილზე არსებული რეალობა, პრაქტიკული გამოწვევები და ის სტრატეგიული ნაბიჯები, რომლებსაც ცენტრი ქვეყნის დემოკრატიული მედეგობის გასაძლიერებლად ახორციელებს.
დისკუსიის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ პოლიტიკური პარტიები ქვეყნის დემოკრატიული მედეგობის უმნიშვნელოვანეს საყრდენს შეადგენენ. თუმცა, გარე ჩარევის რისკების პარალელურად, გრძელვადიანი მდგრადობა თავად დემოკრატიული ინსტიტუტების შიგნიდან გაძლიერებაზე, პარტიულ დემოკრატიაზე, გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ნდობის აღდგენაზეა დამოკიდებული. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე დაისვა კითხვაც: როგორ შეუძლიათ დემოკრატიულ აქტორებს მავნე ზეგავლენას უპასუხონ ადრეულ ეტაპზე, სანამ ის ღრმად ფესვგადგმული გახდება, და როგორ შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებულობას პოლარიზაციის გამწვავების გარეშე.
ჭავჭავაძის ცენტრი მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მომხსენებლებს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე ამ პლატფორმის შექმნისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.


