24. 01. 2022
ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის ცენტრის" წლიური ანგარიში 2021-ს შესავალი

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც აშკარაზე საუბარი ყოველთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მოდი, დავარღვიოთ ეს ტრადიცია და ვთქვათ - 2021 ცუდი წელი იყო. უბრალოდ რთულზე ბევრად უარესი. 

საუკუნის პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. კოვიდ-19-ის კატასტროფულმა მართვამ და ხელისუფლების მიერ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ადამიანების სიცოცხლეზე წინ დაყენებამ საქართველოში 15 ათასამდე მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია. 

გლობალური და რეგიონული პოლიტიკა სავსე იყო მოულოდნელი თუ მოსალოდნელი გამოწვევებით, რომლებსაც, ტრადიციულად, მოუმზადებელი შევხვდით. 

პოლიტიკური დევნა საბოლოოდ იქცა რუტინულ მოცემულობად, რომელიც აღარავის აკვირვებს. დასავლური კონიუნქტურა თანახმაა, პოლიტიკურ ოპონენტებს ოლიგარქის ტროიკები ასამართლებდნენ, ოღონდ ამას ფორმალურად მაინც ერქვას „სასამართლო“. 

ამასობაში ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ლარის კურსი - ისტორიულ მინიმუმზე. გაჭირვებული და სასოწარკვეთილი ადამიანები გამოსავალს ეძებენ, მედია კი მათ არარსებულ ან კომპრომეტირებულ პოლიტმუშაკებსა და ხელოვნურად გაგმირებულ ანტიგმირებს სთავაზობს სანახაობად. ეთერები უპყრიათ მოლაპარაკე თავებს, რომლებიც არავის წარმოადგენენ და საუბრობენ იმაზე, რისი მთელი არსიც - გაგიკვირდებათ და - ნებისმიერ ფასად აშკარას არდანახვაა.

ასე და ამგვარად, საშინაო ფრონტებზე პროცესებმა ტრაგიკულიდან ტრაგიკომიკური სახე მიიღო. ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ და როდის იქცა პოლიტიკური ტრაგიკომედია ფარსად, ხოლო ფარსი - კიჩად. მთავარი როლების შემსრულებელთა ტექსტების წასაკითხად სცენაზე მესამეხარისხოვანი მსახიობებიღა დარჩნენ. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, პოლიტიკური ცხოვრება არასდროს ყოფილა ისეთი თვითმიზნური, რეალური შინაარსისგან დაცლილი და ხალხის მაჯისცემას დაშორებული, როგორც ახლა. 

რა გასაკვირია, რომ გარშემო ნიჰილიზმი და აპათია სუფევს. შეგუება, კონფორმიზმი, სიცრუისა და აბსურდისგან ემოციური გაქცევა, შინაგანი თუ რეალური ემიგრაცია ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულა და თანდათან უფრო და უფრო მეტ ადამიანს ითრევს. 

რა შეუძლია ამ ვითარებაში რამდენიმე იდეალისტით დაკომპლექტებულ და რამდენიმე ათეული ერთგული მეგობრით გარშემორტყმულ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას? მით უფრო, რომ ჭავჭავაძის ცენტრის ფილოსოფია ადამიანებთან უშუალო კონტაქტზეა დამყარებული, რაც პანდემიამ ერთიათად გაართულა.  

სინამდვილეში, ბევრი შესძლებია. შევაჯამეთ რა 2021 წელი, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, უამრავი რამ მოვასწარით. რაც მთავარია, ისეთ თემებს ვეჭიდებით, რომლებიც იმ ხესავითაა, თუ გაახარე, მრავალი წელი რომ მოგცემს სასარგებლო ნაყოფს. 

სამოქალაქო მეხსიერება, შიდაპარტიული დემოკრატია (რათა ქვეყანაში ამინდი ოდენ კაბინეტურად მართულმა პოლიტიკურმა კლანებმა არ განსაზღვრონ), დებატების კლუბი „აგორა“, პროექტი „საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“, კინოჩვენებებისა და დისკუსიების ციკლი „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ - ეს ჩვენი საქმიანობის ამსახველი მიმართულებებია, რომლებზე მუშაობას მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ხშირად გვითქვამს - თუ ჩვენი ყოველი შეხვედრიდან ერთი ადამიანი მაინც წავა ისეთი კითხვით, რომელიც მანამდე არ აწუხებდა ან რომელსაც მანამდე ვერ სვამდა, ეს ნიშნავს, რომ იმ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია. 

ასეთი დღე ბევრი გვქონდა 2021 წლის მანძილზე. 

ჯერ არ ვიცით, 2022 რას გვიმზადებს, მაგრამ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც შრომით, აზროვნებით, თანმიმდევრულობითა და გრძელვადიანი მიზნების ერთგულებით ვერ გავუმკლავდებით, როგორც საზოგადოება. ამ მყარი შინაგანი რწმენით წარმოგიდგენთ ჭავჭავაძის ცენტრის 2021 წლის საქმიანობის ამსახველ ანგარიშს. ჯანმრთელობას, გამარჯვებას და მშვიდობას გისურვებთ. ამ თანმიმდევრობით. 

 

წლიური ანგარიში