19. 02. 2022
გიორგი ხარებავა

მივიწყებული უახლესი ისტორია - საზოგადოების „იმუნოდეფიციტის“ მიზეზი

გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეების აზრი კიდევ ერთი საკითხის ირგვლივ გაიყო. ამჯერად, აზრთა რადიკალური სხვადასხვაობა განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულმა ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელომ გამოიწვია. ქვეყნის უახლესი ისტორიის შეფასების ნაწილში განხილვის საგანი ყოფილი პრემიერ მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის დახასიათება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შეფასება და 2008 წლის რუსული აგრესიის აღწერა გახდა. შეიძლება პარადოქსად ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ განხეთქილების დაწყებიდანვე როგორც საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი, ისევე მთავრობის წევრები და მხარდამჭერებიც, სახელმძღვანელოს არაობიექტურობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე იმდენად შორს წავიდა, რომ ისტორიის სასკოლო წიგნების შემდგომ რედაქციებში 2003-12 წლების საქართველოს „უმძიმეს ავტორიტარულ რეჟიმად“ მოხსენიების რეკომენდაციაც კი გასცა.[1]

ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ დაწყებულმა აჟიოტაჟმა სულ რამდენიმე დღე გასტანა. თუმცა, მთელმა დავამ და კამათმა სამწუხაროდ ისე ჩაიარა, რომ სწორი აქცენტები და საჭირო კითხვები ცოტამ თუ დასვა. ხმამაღლა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული მესიჯები ისმოდა, უახლესი ისტორიის ობიექტურად შეფასებისა და კვლევის აუცილებლობაზე კი თითო-ოროლა ისტორიკოსი და საქართველოს უკანასკნელი 30 წლის მოვლენებით დაინტერესებული რამდენიმე ადამიანი საუბრობდა. არადა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის აღნიშნული მონაკვეთის ობიექტური შესწავლა არამხოლოდ სამეცნიერო კუთხითაა საინტერესო, არამედ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს ასაშენებლად კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელიცაა.

წესით, საქართველოს მოქალაქეების ნახევარს მაინც კარგად უნდა ახსოვდეს როგორი იყო ცხოვრება გასული საუკუნის 90-იან წლებში, რა მძიმე შედეგები მოყვება სამოქალაქო შუღლის გაღვივებას, რომელიც მარტივად შეიძლება ომში გადაიზარდოს, რას ნიშნავს ქაოსისა და განუკითხაობის პირობებში ცხოვრება, სადაც უკანასკნელი ნაძირალაც კი ყოველთვის მართალია, თუკი ხელში მტრისგან მიღებული კალაშნიკოვი უჭირავს. მოქალაქეთა კიდევ უფრო დიდ ნაწილს ასევე გუშინდელი დღესავით უნდა ახსოვდეს 2000-იანი წლები, თავისი დადებითი და უარყოფითი მოვლენებით და პრაქტიკულად ყველა ზრდასრულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა მაინც იმაზე, თუ როგორი გამოდგა საქართველოსთვის უკანასკნელი 10 წელი.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს ასე არ არის. ბოლოდროინდელი მოვლენები იმის თქმის საფუძველსაც იძლევა, რომ ისტორიის ობიექტურად შეფასებას ხილულ მომავალში არავინ აპირებს. როგორც ჩანს, კონიუნქტურის პატრონთაგან არავის სურს საქართველოს უახლესი ისტორიის ობიექტურად შესწავლა, პირუთვნელი შეფასებების გაკეთება და, შემდეგ, ისტორიის სხვებისთვის სწავლება. მეტიც, ბევრი ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მთავარ მიზანს ისტორიის გადაწერა/გაყალბება და, ამ გზით, მისთვის არასასურველი ჯგუფებისა და ინდივიდების დისკრედიტაცია წარმოადგენს, თუნდაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე.

როდესაც ქვეყნის უახლესი ისტორია შესწავლილი არ არის, ცოდნას, როგორც წესი, უფროსი თაობის მოგონებების, მითების, ჭორებისა და დეზინფორმაციების ერთგვარი ნაზავი ანაცვლებს. ასეთ რეალობაში წარსულის ობიექტურად შეფასება და მომავლისთვის აუცილებელი დასკვნების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც მოქალაქეებსა და ახალი თაობის პოტენციურ პოლიტიკურ ლიდერებსაც კი დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაციისადმი იმუნიტეტს კრიტიკულად უქვეითებს. ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს კონკრეტული მონაკვეთების შინაარსზე დაწყებულმა მწვავე კამათმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ქვეყნის უახლესი ისტორიის ცოდნის უკიდურესად დაბალმა დონემ საზოგადოების გახლეჩვას შეუწყო ხელი და ის მორიგ ჯერზე აქცია პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლად.

ნაწყვეტი ზემოხსენებული სახელმძღვანელოდან: „2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. იყო გადაცდომებიც - კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა.“

ერთი შეხედვით, ტექსტში ობიექტურობა დაცულია, 2003 წლის შემდგომი პროგრესიც აღნიშნულია და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეცაა ყურადღება გამახვილებული, თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. ტექსტის ბოლო ნაწილი - დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა.“ - რადიკალურად ცვლის შინაარსს და საქართველოს უკანასკნელი 30 წლის ისტორიას განზრახ ამახინჯებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვარდების რევოლუციამდე კანონის უაზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში კარგი მდგომარეობა იყო, „გაურკვეველი დაჭერები“ და „მკვლელობები“ კი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკოლის მოსწავლეებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ობიექტური ინფორმაცია არცერთი შესაძლო გზით არ მიეწოდებათ, ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლად აქცევს, რომლის მიზანიც ხელისუფლებისთვის არასასურველი პოლიტიკური ჯგუფების დისკრედიტაცია და ისტორიის გაყალბების გზით საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა.

სინამდვილეში „გაურკვეველი დაჭერები“ და „მკვლელობები“ საქართველოსთვის ქრონიკულ პრობლემას წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში 2002 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს, საქართველოზე ნათქვამია შემდეგი: „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები კვლავ იყენებდნენ წამებას, ცემას და დაკავებულთა მიმართ მოპყრობის სხვა მკაცრ ფორმებს. მასშტაბურ ხასიათს ატარებს კორუფცია სამართალდამცავ ორგანოებში. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა საგამოძიებო იზოლატორებსა და ციხეებში ცემის, წამებისა და სიცოცხლისათვის საშიში პირობების შედეგად. შესაბამისი საფუძვლების გარეშე დაკავება და დაპატიმრება კვლავ პრობლემად რჩება.“ [2]

ამდენად ის, რის დაწყებასაც ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები და განათლების სამინისტრო ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ მთავრობას აბრალებენ, იქამდეც არსებობდა, თანაც გაცილებით რთულ ფორმებში.  ანუ ხსენებული პრობლემა ვარდების რევოლუციის შედეგად კი არ დაიწყო, არამედ ვარდების რევოლუციის შემდეგ ოდენ მცირედით გაუმჯობესდა, რამაც, სახელმწიფოში წესრიგის ზოგადი დამყარების ფონზე, უფრო მეტად მიიქცია საზოგადოების ყურადღება. 2004-12 წლების საქართველოს ხელისუფლებას უამრავ საკითხზე შეიძლება მოედავო, თუმცა, იმის თქმა, რომ კანონის უზენაესობაში პრობლემები ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება. საკითხის ამგვარი ფორმულირება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა აქცენტი წარსულზე გადაიტანონ - მაშინ როდესაც  ქართული ოცნების პირობებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორებისა და ექსპერტების დასკვნებშიც რეგულარულად ისახება.

სახელმძღვანელოს მოცემულ მონაკვეთში ასევე დამახინჯებულადაა გადმოცემული ერგნეთის ბაზრობის დახურვის ფაქტიც. ის რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვამ ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა, გარკვეული ინტერეს-ჯგუფების მიერ გაკეთებული შეფასებაა. აღნიშნული საკითხის ირგვლივ საქართველოში რაიმე სარწმუნო კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისი სამეცნიერო კვლევების გარეშე კი მსგავსი მტკიცების სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანა აკადემიურად გაუმართლებელია. ერგნეთის ბაზრობაზე საუბრისას სახელმძღვანელოში ასევე სრულად იგნორირებულია კონტრაბანდისა და კრიმინალის მასშტაბები, რაც ამ ბაზრობას ალდა. სახელმწიფო ბიუჯეტი ერგნეთის ბაზრობის კონტრაბანდული საქონლის გამო ყოველწლიურად ათობით და შეიძლება ასობით მილიონ ლარსაც კი კარგავდა. ამას გარდა, ერგნეთის ბაზრობასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული სამოქალაქო წესრიგსა და უსაფრთხოებას უქმნიდა სერიოზულ გამოწვევებს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საქართველოში ისტორიის შესწავლა და მისი სწავლება კვლავაც შორს დგას მეცნიერებისგან და ის მმართველი პარტიის ხელში მანიპულირების პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის და წარსულის გაყალბების ერთ-ერთ საშუალებად განიხილება. ეს განსაკუთრებით ქვეყნის უახლეს ისტორიაზე ითქმის, რომელსაც თანამდროვე მოქალაქის იდენტობის, ღირსებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

შეუძლებელია ახლო წარსულისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ საზოგადოება არ დააზიანოს. მაგალითად დეკლარირებულად „პატრიოტული“, თუმცა რეალურად პრორუსული ჯგუფების პროპაგანდაც გამოდგება. აღნიშნული ჯგუფები ამტკიცებენ, რომ საქართველოში რუსეთის აგრესიის მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ევროატლანიკური მისწრაფებაა. მაშასადამე, ამ აგრესიის შესაჩერებლად საქართველომ დასავლეთისკენ სვლა უნდა შეწყვიტოს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გახსნის საშუალება მისცეს. კრემლისტური ჯგუფების მიხედვით, ასე რუსეთი საკუთარ ინტერესებს დაიკმაყოფილებს და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მოტივაცია აღარ ექნება. კარგად შეფუთული და მრავალჯერ გამეორებული პროპაგანდისტული ნარატივი გაუცნობიერებელი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილში ახდენს გავლენას. არადა, მსგავსი პროპაგანდისგან თავდასაცავად 1991-1992 წლის მოვლენების ცოდნაც კმარა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შემუშავებული ჯერ არ აქვს. მეტიც, ქვეყანა ჯერ გაეროშიც არაა გაწევრიანებული. პარალელურად, ვაზიანში, ახალქალაქში, გონიოსა და გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზები ფუნქციონირებს. ამის მიუხედავად, რუსული ბაზებიდან კრიმინალებს იარაღით ამარაგებენ, რომლებიც შემდეგ დედაქალაქში ძმათამკვლელ ომს აჩაღებენ და კანონიერ ხელისუფლებას ამხობენ. ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე რუსეთის სცენარით, აფხაზეთში ომი იწყება, სადაც კრემლის დამსახურებით ისედაც დაქსაქსულ ქართველებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან უწევთ ბრძოლა. ამას გარდა რუსეთის უშუალო მონაწილეობით ხელისუფლება ცხინვალის რეგიონზე კარგავს კონტროლს. ეს ყველაფერი მოსკოვმა საქართველოს მაშინ მოუწყო, როდესაც მას აქ რამდენიმე სამხედრო ბაზა ჰქონდა, საქართველოში კი ბევრს საერთოდ წარმოადგენა არ ჰქონდა როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოსთვის განვითარების ყველანაირი საშუალების მოსპობა და ამ გზით მისი სრულად კონტროლია. ისტორიის ამ და სხვა მონაკვეთის კარგად ცოდნის შემთხვევაში, მოქალაქეებს კრემლის მიერ დაფინანსებული ან ე.წ. პრორუსული ჯგუფების ზემოაღნიშნული პროპაგანდის მიმართ ძლიერი იმუნიტეტი ექნებოდათ.

უახლესი ისტორიის ცოდნის და ადეკვატურად შესწავლის ძირითადი დანიშნულებაც სწორედ ესაა. წარსულის ობიექტური შეფასება და დაშვებული შეცდომებიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება მოქალაქეებს დეზინფორმაციისა თუ პროპაგანდის მიმართ გამძლეობას უვითარებს და უკეთესი სახელმწიფოს აშენების საშუალებას აძლევს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში უახლესი ისტორია ჯერ კიდევ მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. თუ გვინდა, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება განვითარდეს, ისტორიისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ავადსახსენებელ 90-იან წლებზე ბნელი მომავალიც კი დაგვიდგეს. მჯერა, საქართველოს ამგვარი ცვლილებისთვის საკმარისი ინეტელექტურალური და პოლიტიკური რესურსი გააჩნია. საკითხავია - გვაქვს თუ არა ამის ნება.



[1] https://formulanews.ge/News/61364

[2] https://old.civil.ge/geo/article.php?id=3774