თეზისები საქართველოს წარმატებული სახელმწიფოებრიობისთვის

საქართველოს თითქმის 200 წელი არ ჰქონდა თავისი სახელმწიფოებრიობა. ამან დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებაზე.

მაგალითად, ეს აისახა კანონებზე და კანონის მიხედვით ცხოვრებაზე. ჯერ იყო და, ქართველებს მოუწიათ რუსეთის იმპერიის კანონებით ცხოვრება. შემდგომში ეს ჩანაცვლდა საბჭოთა კანონებით. თუმცა, ორივე სრულიად ხელოვნური ხასიათის იყო ქართული გარემოსთვის და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქართული სამართლებრივ გამოცდილებასთან, საქართველოს ტრადიციებთან და ეთიკურ ნორმებთან. შესაბამისად, ქართველები გადაეჩვივნენ კანონებით ცხოვრებას.

დღეს სწორედ ის დროა, როდესაც ქართველი უნდა მიეჩვიოს საკუთარი კანონების მიღებას და მათ შესრულებას. თუმცა, ამავდროულად, ქართველებმა უნდა ისწავლონ ისეთ კანონების შექმნა, რომლებიც ფუნდამენტურად სწორ ღირებულებებზე იქნება აგებული, გაითვალისწინებს სხვათა გამოცდილებას და ააღორძინებს ძველ ეთიკურ ტრადიციებს. ამ შემთხვევაში, ქართველების კანონით ცხოვრება უფრო გაადვილება და მოქალაქრობრივად შედეგიანიც გახდება.

რუსულ და შემდეგ საბჭოთა იმპერიაში, საქართველომ დაკარგა თავისი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგში და კონკურენტულ ეკონომიკურ სივრცეში.  ჩამორჩენა ბევრ შემთხვევაში შენიღბული იყო ილუზიებით საქართველოს მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე. საქართველო პატარა ქვეყანაა, მართლაც მნიშვნელოვანი პოტენციალით, თუმცა რაციონალურ გზაზე დაყენების გარეშე, ამ პოტენციალის რეალიზაცია შეუძლებელი იქნება.

საქართველოს მთავარი უპირატესობა, ქვეყნის პოტენციალის საფუძველი მისი ხალხია. რაც უფრო გამრჯე და განათლებული იქნება ადამიანი, მით წარმატებული იქნება ქვეყანა. ქვეყნის წარმატება მისი მოქალაქეების წარმატებათა ჯამია.

ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელია ადამიანების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა ერთმანეთთან საერთო მიზნების მისაღწევად.

კომუნისტებმა ადამიანები გადააჩვია თანამშრომლობას, სახელის გატეხვა აღარ განიხილებოდა ტრაგედიად. ახლა ეთიკური ქცევა ნელ-ნელა ბრუნდება „მოდაში“. წარმატების და ეთიკური ქცევისათვის ადამიანებს მეტი პირადი მოტივაცია ჭირდებათ, მეტი გამოცდილება, რომ სახელის და პრესტიჟის შენარჩუნება მეტ სარგებელს იძლევა, მით უმეტეს, გრძელვადიან პერიოდში.

მეტი მოტივაციისთვის ადამიანებს მეტი თავისუფლება ჭირდებათ, მეტი ინდივიდუალიზმი და პირადი ინტერესი, მეტი ინტენსივობა და გამოცდილება კერძო საკუთრებით ურთიერთობებში.

ადამიანები გათავისუფლდნენ ტოტალიტარული წნეხისგან, თუმცა კვლავ ხშირად ებმეიან კოლექტივისტური აზროვნების მახეში, რადგან შესაძლებელია ამ პირადი თავისუფლების გრძნობას არ მოყვა პირადი  პასუხისმგებლობის ვალდებულების განცდა. ხშირად, ადამიანები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობა სხვებმა, საზოგადოებამ - კოლექტივმა“ - უნდა ზიდოს და არა მათ, პირადად.

მეტი წინსვლისათვის გვჭირდება უფრო თავისუფალი ადამიანი, უფრო მოტივირებული, უფრო ინფორმირებული, უფრო რაციონალური და შესაბამისად - უფრო წარმატებული.

ბევრი წარმატებული ადამიანი შეადგენს წარმატებულ ქვეყანას.

2019 წლის 30 ოქტომბერი