მიამიტური დემოკრატია

„დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, გარდა ყველა სხვა ვარიანტისა, რომელიც კაცობრიობას უცდია“ - სერ უინსტონ ჩერჩილი

დემოკრატია ყველას აზრს ისმენს, თუმცა, საბოლოო ჯამში, უმცირესობის აზრს უგულვებელჰყოფს და  უმრავლესობისას ეყრდნობა. დემოკრატია  დასავლური ცივილიზაციის უდიდეს მიღწევად ითვლება. სრულიად სამართლიანდაც: პიროვნების თავისუფლება და მისი ინდივიდუალური უფლებების წინ წამოწევა უდიდესი ძალაა - საფუძველი, რომელმაც მოიტანა თანამედროვე, პროგრესული  ცივილიზაცია - ყველა იმ უპრეცედენტო მატერიალური თუ სულიერი მიღწევით, რომლითაც დღეს, მეტ- ნაკლებად, ყველანი ვსარგებლობთ.

დემოკრატიის ბურჯებად დღევანდელ სამყაროში ე.წ. G7 ქვეყნები მიიჩნევიან. დიდწილად სწორედ ისინი განსაზღვრავენ თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მიმართულებებს - როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურსა თუ კულტურულს. არავინ ფიქრობს, რომ ამ ქვეყნებს იდეალისტი ელიტები ან მათი პერსონოფიცირებული „გულჩვილი“ მმართველები მართავენ. კოლექტიური „დასავლეთის“ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს უდიდესი კომპეტენციისა და არნახული შესაძლებლობების მქონე სპეციალური საინფორმაციო სამსახურები ემსახურებიან.

მაშინ რას მივაწეროთ ის, ერთი შეხედვით, აუხსნელი „სიბრმავე“, რომელსაც უკვე 31 წელია საქართველოში ჩვენი თაობა აწყდება და რაც  დასავლეთის მხრიდან ე.წ. „დემოკრატიული იდეალების“, სინამდვილეში კი,  საკუთარი პრაქტიკული  მიზნების ასეთ წინააღმდეგობრივ გატარებაში ვლინდება? 

რით შეიძლება ავხსნათ დემოკრატიული დასავლეთის ქმედება, მაგალითად, 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლებისგან დაჟინებით ითხოვდნენ „სისტემურ დემოკრატიას“ (მანტრასავით იმეორებდნენ ყველა დონეზე)? განა იმით, რომ   სამართლიანი არჩევნებით, რაც თავის მხრივ, აუცილებელი და საბაზისო დემოკრატიული პროცედურაა, ქვეყანა ტოტალიტარული  რუსეთის ცუდად შეფარული კოლაბორანტებისთვის გადაებარებინა?! ნუთუ არ იცოდნენ ვინ ვინ იყო მაშინ ოპოზიციაში, რითი სუნთქავდა, საიდან იღებდა ინსტრუქციებს? დავიჯეროთ, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით რუსეთს უთმობდნენ მათთვისვე (დასავლეთისთვის) უკიდურესად ღირებულ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, რომელშიც და რომლისთვისაც კოლოსალური ფინანსური და მატერიალური რესურსი ჰქონდათ დახარჯული?

დასავლეთის მაშინდელი დამოკიდებულებისა და შემდგომი ქმედებების ახსნა სწორედ „მიამიტური დემოკრატიულობით“ თუა შესაძლებელი. კერძოდ იმით, რომ ხშირად კოლექტიური დასავლეთი საკუთარი დემოკრატიული განვითარების დონის  გადმოსახედიდან ზომავს საგარეოპოლიტიკურ ნაბიჯებს, თვლის რა, რომ „რაც კარგია, კარგია ყველგან“ - ბალტიის ქვეყნებშიც,  ბულგარეთშიც,  საქართველოშიც და ავღანეთშიც (ვუტრირებ, რა თქმა უნდა). სწორედ ეს მესახება „მიამიტობად“, რადგან განვითარების დონის მიხედვით, ქვეყნები სულაც არაა ერთი და იგივე. ადგილობრივი საზოგადოებრივი, სოციალური, თუ კულტურულ-პოლიტიკური დონე განსაზღვრავს ბევრად მეტს, ვიდრე ესა თუ ის „საყოველთაოდ მიღებული“ დებულება. ის, რაც მისაღებია თუნდაც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, სულაც არაა „უდავო ჭეშმარიტება“  მცირე კავკასიონის აღმოსავლეთით თუ სამხრეთით...

სწორედ ეს „დისტანციიდან ყურება“ და არა მაინცდამაინც არაინფორმირებულობაა იმ მძიმე შეცდომის საფუძველი, რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ გადაქაჩვა, ან, თუნდაც, ავღანეთის თეოკრატიულ სიბნელეში დაბრუნება. არადა, ყველას მოგვეხსენება, რომ უამრავი გაფრთხილება თუ პირდაპირი ინფორმაცია ჰქონდა დასავლეთს როგორც საკუთარი, ისე ადგილობრივი წყაროებიდან, მოსალოდნელი, რბილად რომ ვთქვათ, სტრატეგიული შეცდომის გარდაუვლობის შესახებ. მაგრამ  ადგილობრივ „მედასავლეთეთა“ შეფასებების უგულვებელყოფამ, ასევე პროცესებსა და  მოვლენებზე  საკუთარი გავლენის გადაფასებამ, რუსეთის მიერ გადაბირებული კადრების „პატრონის“ წინაშე სასიკვდილო შიშისა თუ ანგარიშვალდებულების შეუფასებლობამ - ანუ, „მიამიტურმა დემოკრატიამ“ - გამოიწვია ის რეალობა, რომლის არსი, სრული სიმწვავით, მხოლოდ 10 წლის შემდეგ, უკრაინის ომის კონტექსტში გახდა საყოველთაოდ საცნაური... და ამას, ყველა, ვისაც „დასავლური ღირებულებანი“ პრიორიტეტად გვაქვს გააზრებული, საკუთარ თავზე ვგრძობთ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, „დემოკრატიული მიამიტობა“ მიმდინარე მომენტშიც გრძელდება: უზარმაზარი ფონდები გამოიყოფა და ჯერ კიდევ იხარჯება აბსოლუტურად ხელოვნურ, ხშირად, უბრალოდ კომიკურ პროექტებზე (მაგ., „მგელთა ორალური ვაქცინაცია“) ან რუსული კავშირების მქონე „არასამთავრობო ორგანიზაციების“ დაფინანსირება. რა შედეგით დამთავრდა 2020 წელს  რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო აქტივობებისთვის გამოყოფილი გრანტი? - რუსული პროპაგანდისტული არხები დაიხურა, ქვეყანა  კრემლის საწინააღმდეგო  პლაკატებით მოიფინა თუ ტელევიზიები კლიპების ჩვენებას ვერ აუდიან „რუსეთი ოკუპანტია!“ რეფრენით? ამის საწინააღმდეგოდ, კარგად ვხედავთ იმ დაფინანსების შედეგებს, რასაც რუსეთი არ იშურებს საკუთარი აგიტაცია-პროპაგანდისთვის.

მხოლოდ „მიამიტური დემოკრატიით“ თუ აიხსნება, რომ „დასავლეთის“ ღიად მოძულე პერსონაჟებს გამუდმებით რთავენ დემოკრატიული ქვეყნების მიერ განხორციელებულ პროგრამებში, აძლევენ გრანტებს (და, შესაბამისად, ლეგიტიმაციას, რაც, ხშირად, ფულზე უფრო მნიშვნელივანია), იწვევენ კონფერენციებსა თუ საელჩოებში გამართულ მიღებებზე... „ესაა დიპლომატია!“ არგუმენტად არ გამოგდება. ეს  „მიამიტობაა“, როგორც მინიმუმ,  როცა გგონია, რომ ამ ტიპის ჩართულობით მოწინააღმდეგე მხარეს შეცვლი, მასზე გავლენას მოახდენ ან რამე სხვა ღირებულ მიზანს მიაღწევ. ამავე დროს კი, რეალურად ანტისაოკუპაციო მოძრაობებს, ჯგუფებს და პიროვნებებს გამუდმებით ესმით „დასავლეთის“ საელჩოებსა და ფონდებში  - „ვერ დაგეხმარებით, რადგან ეს  თქვენი ხელისუფლების უკმაყოფილებას გამოიწვევს“.

ბუნებრივი მოკავშირეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მტრის გაღიზიანების შიშით ყოველთვის კონტრპროდუქტიულია. შედეგი ბუნებრივ მოკავშირეთა გაუცხოება, მათი ნდობის დაკარგვა და გრძელვადიანი ნიჰილიზმია, რაც ასახვას ჰპოვებს არსებულ რეალიებს მტრის სასარგებლოდ ცვლის და კოლექტიურ დასავლეთს პოზიციებს აკარგვინებს.

მხოლოდ  ამას იწვევს „მიამიტური დემოკრატია“.       

P.S. რუსეთის სრულმასტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის არა მხოლოდ გაერთიანება გამოიწვია საერთო ცივილიზაციური საფრთხის წინაშე, არამედ რეალურად დაგვაახლოვა "მიამიტური დემოკრატიის" ეპოქის დასასრულს. დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, ლიზ ტრასმა, ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობისას განაცხადა: დასავლეთის მთავარი შეცდომა იყო, როდესაც გვეგონა რომ გეოეკონომიკაში რუსეთის ჩართვის ფასად მისი გეოპოლიტიკის შეცვლას მივაღწევდით!". ეს აღიარება უაღრესად მნიშვნელოვანია. იმედია, შესაბამისი დასკვნები მალე და შეუქცევადად აისახება კოლექტიური დასავლეთის ახალ პოლიტიკაში დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. ასევე იმედია, რომ უკრაინის (და უკრაინის პრიზმაში ხელახლა დანახული საქართველოს) გაკვეთილი საბოლოოდ დაასამარებს მიამიტურ დემოკრატიას“, რაც დასავლური პოლიტიკის მთავარი აქილევსის ქუსლი იყო ავტორიტარულ აღმოსავლეთთან მიმართებით ცივი ომის დასრულების შემდგომ...      

გაგი მახარაძე - ისტორიკოსი, ანტსაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას“ წევრი, 1991/2008 წლებში რუსეთთან ომების მონაწილე 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ჭავჭავაძის ცენტრის პოზიციას.