შიდაპარტიული არჩევნები, როგორც ლეგიტიმაციის წყარო და ღარიბაშვილის მთავრობა

„ქართული ოცნების“ ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კრიზისი აქვს და ამის ერთ-ერთ ყველაზე მყარ დასაბუთებად 2020 წლის არჩევნების გაყალბება მოჰყავთ. ბუნებრივია, არჩევნების მთელი რიგი ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარება გამარჯვებულად გამოცხადებული პარტიის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა, მსგავსი ბრალდებების დასასაბუთებლად ქვეყნის შიგნით და გარეთ აქტიური სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მართლაც სერიოზული დაღვევების ფონზე ჩატარდა და ქართულმა დემოკრატიამაც უკუსვლა განიცადა, ოპოზიციამ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების ამოცანას თავი ვერ გაართვა და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც დღის წესრიგიდან მოხსნილია.

სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არჩევნების გაყალბების გარეშეც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ეხება, რომლისთვისაც ქვეყნის მართვის მანდატი მოქალაქეებს არ მიუციათ. კერძოდ, 2020 წელს „ქართული ოცნების“ ლიდერი და მთავარი სახე გიორგი გახარია იყო, რომელიც არჩევნების მოგებიდან რამდენიმე თვეში გადადგა და ის ირაკლი ღარიბაშვილმა რაღაც გაურკვეველი პროცესების შემდეგ შეცვალა. ირაკლი ღარიბაშვილს ლეგიტიმაცია საკუთარი პარტიის დონეზეც კი არ გააჩნია, რადგან ის პრემიერ-მინისტრად შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესების შედეგად არჩევის ნაცვლად, კულუარულად დაინიშნა ქვეყნის ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტზე. ბოლო არჩევნები, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როდესაც ის საარჩევნო სიის მე-10 ნომრად იყო წარმოდგენილი.

ამდენად, დღეს საქართველოს მთავრობას მეთაურობს ადამიანი, რომლისთვისაც 10 წელია ამომრჩეველს ხმა არ მიუცია, რაც ღარიბაშვილის მთავრობას არალეგიტიმურს ხდის. დემოკრატიის მთავარი დანიშნულება ხელისუფლებაში იმ ხალხის ყოფნაა, რომელსაც მოქალაქეები ფარული და საყოველთაო ხმის მიცემის წესით ირჩევენ. ღარიბაშვილის მეორეჯერ გაპრემიერება კი ხალხისგან შორს, ძალიან ვიწრო და ექსკლუზიურ წრეში გადაწყდა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ - წარმომადგელობით პრინციპს. პრემიერ-მინისტრად მსგავსი ფიგურის დანიშვნა განსაკუთრებით სავალალო საპარლამენტო დემოკრატიებშია, სადაც პრემიერი ყველაზე დიდ აღმასრულებელ ძალაუფლებას ფლობს.

მთავრობის მეთაურების ცვლილება საპარლამენტო დემოკრატიებში მიღებული პრაქტიკაა და დემოკრატიული პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ასეთ დროს, ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. ამის კარგი მაგალითი დიდი ბრიტანეთია, სადაც ბოლო 8 წელში 5 პრემიერ მინისტრი შეიცვალა. მთავარი, რაც ქართული ოცნების მიერ ღარიბაშვილის გაპრემიერებას აღნიშნული შემთხვევებისგან განასხვავებს, პროცესის უკიდურესი ჩაკეტილობა და არადემოკრატიულობაა. დიდ ბრიტანეთში: (ა) პრემიერ-მინისტრები ჩაანაცვლეს იმ ლიდერებმა, რომლებსაც ამომრჩევლის მიერ ჰქონდათ მიღებული პარლამენტარის მანდატი; და (ბ) ჩანაცვლება მოხდა მკაცრად დაცული შიდაპარტიული დემოკრატიული პროცედურების შესაბამისად.

„ოცნების“ შემთხვევაში, შიდაპარტიულ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. თითქმის 100% სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად პირადად ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, საერთოდ არაა პოლიტიკაში ჩართული. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ქართულ ოცნებაში ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად შიდაპარტიული არჩევნები არ გამოცხადებულა, პარტიის წევრებს არ წამოუყენებიათ საკუთარი კანდიდატურები, არ ყოფილა არანაირი წინასაარჩევნო პერიოდი, სადაც პარტია საკუთარ წევრებსა და მხარდამჭერებს მისცემდა საშუალებას, რომ მონაწილეობა მიეღოთ პრემიერი შერჩევის პროცესში, არ გამართულა საჯარო დებატები სხვადასხვა კანდიდატებს შორის... უცებ, არსაიდან, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნებოდა მთავრობის ახალ მეთაურად. რაც ძალზედ თვალშისაცემია, „ქართულ ოცნებაში“ ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, ან მის საპირისპიროდ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებდა, რაც არა დემოკრატიის, არამედ ავტორიტარიზმის დამახასიათებელი ნიშანია.

დღეს საქართველოს მთავრობა და მისი ფორმალური ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი, არათუ ამომრჩევლის, არამედ საკუთარი პარტიის რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების ინტერესებსაც კი არ წარმოადგენს. ღარიბაშვილი და მისი მთავრობა არც ქვეყნის მოსახლეობას აურჩევია და არც საკუთარი პარტიის რიგით წევრებს. დემოკრატიის უმთავრესი და ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც წარმომადგენლობითობას გულისხმობს, დამოუკიდებელ საქართველოში ამაზე უხეშად აქამდე მხოლოდ 1992 წლის პუტჩის დროს თუ იყო დარღვეული.

შეუძლებელია დემოკრატიული უწოდო იმ სახელმწიფოს, რომელსაც წლების განმავლობაში მართავენ პირები, რომლებიც არავის აურჩევია. „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვისთვის შესაბამისი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვან ფაქტზე ყურადღებას პრაქტიკულად არავინ ამახვილებს.