შიდაპარტიული არჩევნები ენმ-ში: პირველი ნაბიჯი?

განხეთქილება პარტიის შიგნით, მხარდამჭერების შემცირებული რაოდენობა და პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - ეს ის პრობლემებია, რომლის წინაშეც დღეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დგას. ზემოხსენებული კრიზისის დასაძლევად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა, რომელზეც პარტიის წევრები და მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ, 2022 წლის დეკემბერში დააანონსა, რომ შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-30 იანვარს გაიმართება. შიდაპარტიული არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, რასაც მხარი პოლიტსაბჭოს 70 დამსწრე წევრიდან 69-მ დაუჭირა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობისთვის 4 პოლიტიკოსი: ნიკანორ მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვის.

პარტიის რიგითი წევრების მიერ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნა ცალსახად დადებითი მოვლენაა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას და პარტიის გაჯანსაღებას. მიუხედავად ამისა, ენმ-ის მიერ შერჩეული შიდაპარტიული არჩევნების მოდელი გარკვეულ კითხვებს ბადებს ჩართულობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. რამდენად გამჭვირვალე იყო კანდიდატურის წამოყენების პროცესი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში? რა არის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების საწინდარი - პოლიტიკური უნარები თუ ლიდერის მიმართ ერთგულება ან სხვა ლიდერის მიუღებლობა?  

პრობლემას წარმოადგენს შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების მექანიზმიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მხარი იმ მიზეზით დაუჭირა, რომ მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, მათ შორის სიმარტივე, მოქნილობა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. პარტიამ ბლოკჩეინ სისტემაზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2020 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელ - Facebook-ში ჩატარებულ არჩევნებს მრავალი ხარვეზი ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში მონაწილეობა ასობით ყალბმა ანგარიშმა შეძლო. ელექტრონული სისტემის მოდელი ყალბი ანგარიშების პრობლემას ხსნის, თუმცა, თავის მხრივ, ახალ გამოწვევებს ქმნის, რომლებიც შიდაპარტიულ დემოკრატიასთან შეუთავსებელია. მინიმუმ, 3 ასეთი პრობლემის დასახელება შეგვიძლია:

1. ელექტრონულ ტექნიკასთან და ინტერნეტთან წვდომის სირთულე - ელექტრონული არჩევნების მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ მასში მონაწილეობისთვის საჭიროა გამართულად ფუნქციონირებადი ელექტრონული ტექნიკა, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ინტერნეტთან. საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ რომ ამგვარ ტექნიკაზე წვდომა ასობით ათას მოქალაქეს არ აქვს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 541 118 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ყავს, რომელთა დიდი ნაწილი რეგიონებში ცხოვრობს. ელექტრონულ არჩევნებში, ძირითადად, დიდი ქალაქების მაცხოვრებლები მონაწილეობენ ხოლმე, რაც ხელს უშლის შიდაპარტიული დემოკრატიის კიდევ ერთ კრიტერიუმის - დეცენტრალიზაციის განვითარებას. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის წევრსა თუ მხარდამჭერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სოციალური ქსელის - Facebook-ის ანგარიში, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარტიის ათასობით მხარდამჭერი, რომელიც ზემოხსენებულ სოციალურ ქსელში ანგარიშს არ ფლობს. შიდაპარტიული არჩევნები მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სრულად დემოკრატიულად, თუ მასში მონაწილეობა პარტიის თითოეულ წევრსა და ამომრჩეველს შეუძლია, მათ შორის რეგიონებსა თუ სოფლებში. შესაბამისად, ელექტრონული არჩევნები საქართველოში სრულად ვერ უზრუნველყოფს ჩართულობისა და დეცენტრალიზაციის მაღალ სტანდარტს.

2. ელექტრონული სისტემის შესაძლო გაუმართაობა - ელექტრონული სისტემა, რომელზეც პარტიული არჩევნები ტარდება, შესაძლოა გაუმართავი იყოს და სისტემაში არსებული ხარვეზების გამო მასზე რეგისტრაცია და ხმის მიცემა პარტიის ათასობით წევრმა ვერ შეძლოს. სოციალურ ქსელში ასობით მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სისტემაში რეგისტრაცია ვერ შეძლეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა თუ ამომრჩევლებს მითითებული ჰქონდათ საკუთარი პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა, არჩევნებზე დარეგისტრირება მაინც ვერ მოახერხეს. მსგავსი სისტემური ხარვეზები შესაძლოა გამოვლინდეს არჩევნების შედეგების დაჯამებისასაც, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.

3. არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ბლოკჩეინ სისტემა გამორიცხავს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, თუმცა, მსგავსი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. სისტემაზე კონტროლი შეიძლება ჰქონდეს იმ კომპანიას, რომელიც პარტიას ამ მომსახურებას სთავაზობს. არსებობს იმის ალბათობაც, რომ მოხდეს მომსახურების მომწოდებლის მოსყიდვა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ელექტრონულ არჩევნებს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი, არაპარტიული ინდივიდებისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს არჩევნების პროცესს. უცნობია, ჰყავს თუ არა ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებს ასეთი ჯგუფი. ზემოხსენებული ფაქტორების ერთობლიობა უარყოფით გავლენას ახდენს შიდაპარტიული დემოკრატიის კიდევ ერთ კომპონენტზე - გამჭვირვალობაზე.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე საუბარი აქტიურად დაიწყო და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიული არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარება გადაწყვიტა, მისასალმებელია, თუმცა, არჩევნების არსებული მოდელი მრავალი ხარვეზით ხასიათდება, რომელიც საჭიროებს არსებით დახვეწას შიდაპარტიული დემოკრატიის მთავარი კომპონენტების: ჩართულობის, გამჭვირვალობისა და დეცენტრალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით.