Get Out! (2017)

ჯორდან პილის ფილმთან ორი აშკარა სიძნელეა დაკავშირებული: ძნელია მისი ჟანრის განსაზღვრა, რადგან ის კომედიიდან ჰორორამდე ან ფანტასტიკიდან სატირამდე მერყეობს; ძნელია მისი სათაურის თარგმნა ქართულად: რა ვერსია ავირჩიოთ? — „თავს უშველე!“ თუ „გაეთრიე!“?

მაგრამ არის უფრო ღრმა სიძნელეებიც...

ჯერ კიდევ ავგუსტინე, იპონის ეპისკოპოსი, რომელსაც აღმოსავლური ტრადიცია ნეტარად მოიხსენიებს, წერდა, რომ ეთიკა დროსა და სივრცეზეა დამოკიდებული: ღამით და საძინებელში სხვანაირად ლაპარაკობენ და იქცევიან, ვიდრე დღისით და სამზარეულოში. ყველას გვინახავს სოციალურ ქსელში ვინმეს გაზიარებული ბმული მინაწერით: „მსოფლიო გაგიჟდა!“ — ბმული კი, მაგალითად, გვაუწყებს, რომ ვინმე მსახიობს ობსტრუქცია მოუწყვეს იმის გამო, რომ მან შავკანიანის როლი ითამაშა და ამისთვის სახე შეიღება.

გაგიჟდა თუ არა მსოფლიო? კარგად თუ დავუკვირდებით, აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე — სწორედ იმასთან, რომელზედაც მიგვითითებს ნეტარი ავგუსტინე: ვიდრე მარტონი ვართ და ლიფტში, შეგვიძლია ცხვირში თითი შევიყოთ, სტუმრად მისულებს ამის საშუალება აღარ გვექნება.

ვიდრე საქართველოში ვართ, ბევრი რამის უფლება გვაქვს — ბევრი რამისა, რისთვისაც ცივილიზებული სამყარო დაგვსჯიდა. შეაგროვეთ ქართველი ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები — მათგან რამდენი აგიხსნით, რას ნიშნავს „კულტურული აპროპრიაცია“? ვერ შეაფასებთ? ვერც მე, მაგრამ შეკითხვის დასმა ღირს.

მარგინალურ გარემოში ცხოვრება ყოველთვის წარმოშობს მითებს. ერთ-ერთი ასეთი მითი არის რწმენა, თითქოს კანონი, სამართლებრივად მიღებული ნორმები და მათი შესრულება საკმარისია პრობლემების გადასაწყვეტად.  ჯორდან პილის ფილმი სწორედ იმას გვეუბნება, რომ კანონი მხოლოდ აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი.

თუ გამოვტოვებთ პროლოგს, რომელიც, შესაძლოა, მოგვიანებით დაგვჭირდეს, ფილმის შინაარსი ძალიან მოკლედ ასე გადმოიცემა:

ახალგაზრდა წყვილი — თეთრი ქალი, როზი და შავი ვაჟი, კრისი — მიემგზავრება ქალის მშობლების გასაცნობად. დასაწყისი უაღრესად რეალისტურია. ასევე რეალისტურია პრობლემის პირველი გადმოცემა. მანქანა გაიტანს ირემს, გამოძახებული პოლიციელი კრისის საბუთებს ითხოვს, თუმცა საჭესთან როზი იყო. ქალი მას შეახსენებს, რომ კანონით ამის უფლება არა აქვს. პოლიციელი მიუთითებს „გონივრულ ეჭვზე“... რაზეა დამყარებული ეს „გონივრული ეჭვი“, რომლით აპელირება ჩვენს იურისტებსაც უყვართ? — წარმოდგენაზე, რომ შავკანიანი მამაკაცი იმთავითვე საფრთხეა თეთრკანიანი ქალისთვის. ამ თემაზე კამათი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ დასკვნა ერთია: კანონით მსგავსი წარმოდგენების რეგულირება შეუძლებელია.

როზის მამა ნეიროქირურგია, დედა — ფსიქიატრი. მათ განმარტოებულ მამულში ჩამოსვლის შემდეგ მოქმედება თანდათანობით ტოვებს რეალიზმს და სიმბოლურ სიბრტყეში გადადის.

ვითარება ნელ-ნელა იხსნება, თანაც სიმბოლური ხერხებით.

ყურადღებას იქცევს ორი მომენტი: ჯერ ერთი, მუდმივი და შემაწუხებელი აქცენტი შავკანიანთა ფიზიკურ მონაცემებზე; მეორეც, დეკლარირებულად არარასისტი ოჯახის მსახურები — მებაღე და დამლაგებელი — შავკანიანები არიან.

პირველივე საღამოს როზის ფსიქიატრი დედა, ჰიპნოზის ქვეშ მოაქცევს კრისს. ჰიპნოზის გამომწვევი არის ვერცხლის კოვზი, რომლითაც ქალი ფაიფურის ელეგანტურ ფინჯანში ჩასხმულ ყავას ურევს. თეთრი დასავლეთი მართლაც ძვირფასია, როგორც ვერცხლი, დახვეწილია, როგორც ფაიფურის ფინჯანი და აღმგზნებია, როგორც ყავა. ის აბრუებს შავკანიან კრისს, რომელიც იმ წამიდან კოვზის წკარუნის გაგონებაზე ვითარების კონტროლს კარგავს.

მეორე დღეს სახლში იკრიბებიან მოხუცები. ყველა აღფრთოვანებულია კრისით: მას უღიმიან, კუნთებს უსინჯავენ, ეუბნებიან, რომ სიამოვნებით აირჩევდნენ ბარაკ ობამას მესამე ვადითაც. რასიზმი შეიცვალა: ეს აღარ არის ანთებული ჯვრები და ხეებზე ჩამოკიდებული ადამიანები. რასიზმი დღეს ოდნავ შესამჩნევი ნიუანსების მიღმა იმალება — ნიუანსებისა, რომელთა რეგულირებას კანონი ვერ შეძლებს.

მართლაც, კანონის დარღვევას, ანუ რასიზმის უკიდურეს გამოვლინებას ფილმსა და ცხოვრებაში დღეს სწორედ შავკანიანებით გარეგნული აღფრთოვანება უდევს საფუძვლად. მოხუცები იქვე გაითამაშებენ კრისის სხეულს. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მოგებულმა უნდა მიატოვოს თავისი დაუძლურებული, დამჭკნარი სხეული და კრისის შესანიშნავად აგებულ ახალგაზრდა ორგანიზმში გადასახლდეს.

რა თქმა უნდა, ოპერაციას როზის მამა ჩაატარებს. სისტემა კი ასე მუშაობს: მიმზიდველი და კეთილგანწყობილი როზი ხიბლავს ფიზიკურად სრულყოფილ შავკანიან მამაკაცებს, შეჰყავს ისინი თავის მომღიმარ და კეთილგანწყობილ ოჯახში, შემდეგ კი მათ სხეულს რომელიღაც იღბლიანი და მიხრწნილი რასისტი ეპატრონება.

ქედმაღლობა დაძლეულია. პირიქით, თეთრი რასა ქედს იხრის შავკანიანთა უპირატესობის წინაშე, მაგრამ ამ უპირატესობით სარგებლობა უნდა. მათ უკვე აღარ ეშინიათ შავკანიანის სხეულში ჩასახლება, განა კანონმა არ უზრუნველყო უფლებათა თანასწორობა?! მათ აღარ ეზიზღებათ შავკანიანები, მაგრამ განა ამის გამო უკეთესები გახდნენ?

სულაც არა: აღმოჩნდება, რომ შავკანიანი მებაღე და დამლაგებელი სინამდვილეში როზის ბაბუა და ბებია არიან — მათ უკვე იპოვეს შავკანიანი პატრონები, რომელთა სხეულში გადაასახლეს თავიანთი პარაზიტული ცნობიერება. ორივენი ახალი სხეულების შესაძლებლობებით ტკბებიან: ბაბუა ღამ-ღამობით დარბის სახლის გარშემო, ბებია კი დღენიადაგ სარკის წინ იპრანჭება.

გამოსავალი ერთია: რასობრივი კუთვნილება ისეთივე უმნიშვნელო უნდა გახდეს, როგორიც, მაგალითად, თვალის ფერია. მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა, ამ გზის გავლას კი კანონი ვერ დაეხმარება. ამიტომაც არსებობს ფაიფურის ფინჯანში ჩადებული ვერცხლის კოვზი — დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო, დამღუპველი სატყუარა, რომელიც ვერ იარსებებდა კოლონიალური პროდუქტის, ყავის გარეშე.

შექმნილი ვითარება მარტოოდენ თეთრკანიანების ბრალი არაა. კრისის მეგობრის სიტყვებზე, რომ არსებობს შეთქმულება, შავკანიანი პოლიციელები გულიანად იცინიან: ყველაფერი რიგზეა, კანონი გვიცავს!

მართალია, რასიზმის წინააღმდეგ კანონი ძლიერი მოკავშირეა, მაგრამ ის ვერ იქცევა გამარჯვების გარანტიად. ადამიანების საზოგადოება მარტოოდენ კანონით არ იმართება და თვით ყველაზე ადეკვატური და ქმედითი კანონების შესრულებასაც კი თან ახლავს ახალი პრობლემების წარმოშობა ან ძველების სახეცვლა.

კრისი თავს აღწევს უბედურებას, მაგრამ უბედურება რჩება. ამ ფილმზეც უთქვამთ, რომ ხელოვნურია და თითიდან გამოწოვილი. რა ვქნათ? — ასეთივე „ხელოვნურია“, მაგალითად, კაფკას მოთხრობა „მეტამორფოზა“, რადგან ადამიანი არ გარდაიქმნება მწერად. ხელოვნებას კი, სხვა მრავალთან ერთად, ის დანიშნულებაც აქვს, შეამჩნიოს ხინჯი, რომელსაც კანონი ვერ ხედავს.