15. 02. 2023
ნინო კალანდაძე

რატომ ვერ ცვლიან პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას

ხშირად გვესმის სასოწარკვეთით გამოწვეული და პასუხგაუცემელი კითხვები: „განა ასე ძნელია ოლიგარქის დამარცხება?“, „ნუთუ ხალხს მეტი არ შეუძლია?“, „სად არის ოპოზიცია?!“ ან „რატომ შეიქნა ეს ოცნებად წოდებული ურჩხული შეუცვლელი?“.

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს ბედით დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილისთვის აშკარაა, რომ ერთ დროს ზოგისთვის საოცნებო ხელისუფლება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მას შესაძლოა არც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ადარდებდეს და არც დემოკრატია. მეტიც, ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას, ოდესღაც ოცნების ამომრჩეველიც ქუჩის პროტესტით ეხმიანება. არადა, თუ რაიმე მეტ-ნაკლები კონსენსუსის საგანს წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში, სწორედ ქვეყნის პროდასავლური კურსია. ისიც აშკარაა, რომ ოცნება მოდუს ოპერანდის არ ცვლის და, არჩეული გზიდან, პროტესტის მიუხედავად, გადახვევას არ აპირებს. სულ უფრო აგრესიული ხდება მისი ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები, რაც სულ უფრო მეტად გვაშორებს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას.

მიუხედავად ამომრჩეველთან ფუნდამენტური უთანხმოებისა, „ოცნება“ მაინც ინარჩუნებს ძალაუფლებას. ისმის კითხვა, რაზე დგას ოცნების „ძლევამოსილება“? პირველ რიგში, ესაა მრავაწლიანი, მსუყედ დაფინანსებული, თანმიმდევრული პროპაგანდა. მაგრამ, ამის მიღმა, იქნებ ოცნების „მარადიულობის“ უკან მისი ალტერნატივის ვერდანახვა ისეთივე ძლიერი ფაქტორი და იარაღია რუსი ოლიგარქის ხელში, როგორც ფული და ადმინისტრაციული რესურსი?

ვაღიაროთ, ისტორია იცნობს დიქატატორულ რეჟიმებს, მატერიალური თუ სახელმწიფო რესურსების სიმწირეს რომ არ განიცდიდნენ, მაგრამ დამარცხებულან. აი, თუ არ იარსებებს პოლიტიკური ალტერნატივა, მაშინ მართლაც საკითხავია, როგორ ჩანაცვლდება ცუდი, ბოროტი, ყავლგასული ან თავგასული ხელისუფლება.

უსამართლო, უფრო მეტად კი არაპრაგმატული, იქნებოდა იმ რესურსის უგულვებელყოფა, რომელიც სწორედ პოტენციური ალტერნატივის დემონიზებასა და დისკრედიტაციაზე იხარჯება სახელისუფლებო პროპაგანდისტული ყველა შესაძლო არხით. მაგრამ, განა თავად ოპოზიციას (უფრო სწორედ, ოპოზიციის გამხმოვანებლებს) არ შეაქვს თავისი წვლილი თავს მოხვეული ბრალდებების და პროპაგანდისტული კლიშეების გამყარებაში, როცა მათ არათუ გააზრებულ სტრატეგიასა თუ სამოქმედო გეგმას არ უპირისპირებს, არამედ დღენიადაგ თუთიყუშივით იმეორებს და, ამით, 100 %-ით რეაქციულ რეჟიმში მოქმედებს? თანაც, ოცნების მოედანზე და ოცნების მიერ დაწესებული თამაშის წესებით. ნაცვლად ალტერნატიული სიძლიერის დემონსტრირებისა, ამომრჩეველი ხედავს დეზორგანიზებულ, ეკლექტურ, სტრატეგიისა და ტაქტიკის გარეშე მოქმედ პოლიტმუშაკთა ჯგუფს, რომელთა არც მოქმედებაა კოორდინირებული და არც - გზავნილი. ისე ჩანს, თითქოს ოპოზიციის ერთადერთი სტრატეგიაა „ჩაწვეს“, დაელოდოს და როგორმე გამოიზამთროს, ეგებ სანქციების, ზელენსკის ან რაიმე ღვთიური ძალის მიერ ოლიგარქი თავისით განეიტრალდეს, ხოლო ცისფერ ეკრანებზე მოლივლივე თვითკმაყოფილი სახეები ამ ხილული თუ უხილავი ძალის შედეგებზე კაპიტალიზდნენ ზიარჭურჭელის პრინციპით.

შესაბამისად, არ არსებობს ალტერნატივა. რჩევა შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა გზით ამა თუ იმ პარტიის სადავეებთან არის მოქცეული, ზრუნავს არა ხელისუფლების ალტერნატივის შექმნაზე, არამედ ჩაბღაუჭებულია სკამს, სტატუსს, პარტიულ თანამდებობებსა და მიკროფონს. ისინი მხოლოდ საკუთარ თავებს წარმოადგენენ, გადაწყვეტილებებს იღებენ არა კოლექტიურად და წარმომადგენლობითად, არამედ ექსკლუზიურად ან დახურულ კარს მიღმა. არა ამომრჩევლის ინტერესში, არამედ თვითინტერსში, რომ იქამდე გაძლონ, ვიდრე სწორ დროს კვლავ სწორ ადგილას აღმოჩნდებიან და, ერთხელაც, მათ სასარგებლოდ მოტრიალდება ფორტუნა. აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ პროპაგანდის ძალით და მუდმივად ხილული შედეგების გარეშე მოქმედი  მოლაპარაკე საჯარო თავები ბუნებრივ დისკრედიტაციას გადიან. პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ისაა თუ რას ამბობ, არამედ ისეთივე არსებითია ის, თუ ვინ ამბობს. პარტმუშაკებად ქცეული, დისკრედიტებული პოლიტიკოსები ვერასდროს ისარგებლებენ საკმარისი ამომრჩევლის ნდობით, რათა შექმნან არსებულის ღირებული ალტერნატივა. ალტერნატივის გარეშე კი ნებისმიერ ხელისუფლებას გარანტირებული აქვს სტატუს კვოს შენარჩუნება. ამით, იდეოლოგიური შიმშილის, იდენტობის ძიების და ულიდერობის პირობებში არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, როგორც ალტერნატივის, არამედ მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, მომავალიც დგება ეჭვქვეშ.

ამ ბანალური და ამასობაში ყველასთვის თვალსაჩინო მოცემულობიდან გამოსავალი კი ერთადერთია და ისეთივე ბანალური. გამოსავალი პარტიულ დემოკრატიაშია. შიდაპარტიული დემოკრატია განსაზღვრავს პარტიის როგორც საჯარო იმიჯს, ასევე შიდა ეფექტურობას. ასევე იმას, თუ რა როლი ექნება მას პოლიტიკურ სიტემაში, რამდენად შეესაბამება წარმომადგენლობითობის პრინციპს და რა კავშირში დარჩება ის მისივე ამომრჩეველთან.

შიდაპარტიული დემოკრატიის გარეშე ნებისმიერი ლიდერი თუ ლიდერთა ჯგუფი, ადრე თუ გვიან, გახდება ავტორიტარული, ამომრჩევლისგან დისტანცირებული და გაუცხოებული. ეს ჭაობი კი ითრევს და იზიდავს არამხოლოდ იმთავითვე ცუდსა და ყველაფრისმკადრებელს, არამედ ერთ დროს გულანთებულ პატრიოტსაც ისეთივე კონფორმისტ პარტმუშაკად აქცევს, რომელთაც ოდესღაც თავად ებრძოდა.

თავად ოპოზიციური პარტია, შიდა დემოკრატიის გარეშე, ადრე თუ გვიან გარანტირებულად გახდება ორგანიზაციულად დისფუნქციური და ელექტორულად მარგინალური. ეს ტრაგედიაა და შესაძლოა საბედისწეროც არა მხოლოდ ამ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, ომში მყოფი ქვეყნისთვის, რომლის ძალაუფლებამიტაცებული მმართველები უალტერნატივობის პირობებში ლეგიტიმაციას შეიძენენ და კოლაბორაციონისტულ ზრახვებს ქართველი ხალხის სახელით, „დემოკრატიულად“ განახორცილებენ.