ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. რა წინაპირობები უძღოდა წინ ამ ისტორიულ მოვლენას? როგორი იყო 2023 წელი საქართველოსთვის და როგორი მოცემულობით ხვდება ქვეყანა ახალ 2024 წელს? - ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე:
- 2023 წლის მთავარი მოვლენა უდავოდ იყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. 2023 წელს ორი მთავარი მოვლენა გვქონდა: ერთი ეს იყო მარტის აქციები და მეორე - წლის ბოლოს სტატუსის მიღება. რომ არა მარტის აქციები, არ მგონია, სტატუსის მიღება შესაძლებელი ყოფილიყო.
- რამ განაპირობა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება და იყო თუ არა ეს ქვეყნის მმართველი ძალის მუშაობის შედეგი?
- როგორც ევროპის კავშირი ამბობს, შესრულებული არის 12-დან 3 რეკომენდაცია. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ 12-ვე შეასრულა, რაც ტყუილია. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამის მონიტორინგს აწარმოებდნენ, უფრო საქართველოს მხარეს „იხრებოდნენ“ და რეკომენდაციების ნაწილზე ამბობდნენ, რომ ისინიც არის ნაწილობრივ შესრულებული. თუმცა მნიშვნელოვანია, რას ამბობს თვითონ ევროპის კავშირი. ევროპის კავშირი ამბობს, რომ შესრულებულია მხოლოდ 3 რეკომენდაცია. ამ 3-დან რეალურად შესრულებიულია მხოლოდ ერთი, მეორე ნაწილობრივ, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით რაც მოხდა და რა ფარსიც გათამაშდა, ყველამ ვიცით. თუმცა ფორმალურად მიიჩნევა, რომ ეს რეკომენდაცია შესრულდა. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ძალიან კარგია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი საფეხურით ჩამოვრჩებით უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ რომ უკეთესად მოვქცეულიყავით (ნებისმიერ სახელმწიფოს მთავრობა წარმოადგენს და მთავრობა რომ უკეთ მოქცეულიყო), ახლა ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვყოფილიყავით, ახლა კი ვართ ერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ უნდა მოგვნიჭებოდა წელს მოლაპარაკების დაწყების უფლება და არა სტატუსი. ახლა განსასაზღვრია მოლაპარაკების ჩარჩო, მერე გაირკვევა, როდის იქნება უკვე ეს თარიღი და უკრაინა და მოლდოვა უკვე გადასული არიან შემდეგ ეტაპზე. ასეა თუ ისე, კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ეს განაპირობა ე. წ. რუსული კანონის ჩაგდებამ. ევროპის კავშირი და ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, დაივიწყეთ ევროპის კავშირი საერთოდ, არათუ მხოლოდ კანდიდატის სტატუსიო. ეს ავიწყდებათ, რატომღაც, ჩვენს მოქალაქეებს _ როდესაც სასწორზე იდო ევროპის სტატუსი და „რუსული კანონი“, ხელისუფლებამ აირჩია „რუსული კანონი“. მერე იყო ჩვენი მოქალაქეების გმირობა, პოლიტიკური პარტიების, პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლა და რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომელმაც აიძულა ხელისუფლება, წასულიყო დათმობაზე. მეორე ფაქტორი არის საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, რომ მათ სურთ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. არ არსებობს გამოკითხვა, სადაც ძალიან მაღალი პროცენტი არ იყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების მაჩვენებელი. ეს მოქმედებს, რადგან ევროპული ინტეგრაციის პროექტს ასეთი მაღალი მხარდაჭერა თვითონ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არ აქვს. შეიძლება ითქვას, არც არასდროს ჰქონია. პოლიტიკური ელიტები იყვნენ ძირითადად ამის გამწევი ძალა (ალბანეთია კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს). მესამე ფაქტორი, ალბათ, იყო ის, რომ, ჩემი აზრით, ევროპის კავშირმა გააცნობიერა, რომ შარშან მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბურთი დატოვა მათ მოედანზე. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევდა რაღაც ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უფრო რუსული ვექტორი აეღო, ვიდრე ის ეკეთებინა, რასაც ევროპის კავშირი ეუბნებოდა.
- გვახსოვს ის განცხადებები…
- არა მხოლოდ განცხადებების, ქმედებების დონეზეც: ეს იქნებოდა „რუსული კანონის“ გამოტანა, ფრენების აღდგენა, თუ სხვა ბევრი რამ. ევროპის კავშირს ჰქონდა გადასაწყვეტი - ან ისინი აკეთებდნენ არჩევანს დამსახურების მიხედვით, ან იმის მიხედვით, თუ რამდენად ვიყავით ჩვენ ევროპული ღირებულებების თანაზიარი. მეორე ვარიანტი იყო, უნდა გაეკეთებინათ გეოპოლიტიკური არჩევანი, რათა მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს არ დააკარგვინებდა ევროპულ მომავალს, არ მისცემდა რუსეთს იმის საშუალებას, რომ ეს გავლენა გაეხანგრძლივებინა და შეენარჩუნებინა. ევროპელებმა უფრო იზრუნეს ჩვენი მომავლის გადარჩენაზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებამ. შეიძლებოდა ევროპის კავშირს ლოდინის რეჟიმი აერჩია, მაგრამ არ გააკეთა ასე და სწორადაც მოიქცა, რადგან არ დაშლეს ეს არაფორმალური ტრიო – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემადგენლობით, რომლის შექმნაზეც ჩვენ ყველაზე მეტად გვაქვს ნაშრომი, როცა უკრაინასა და მოლდოვაში არ იყო ეს ხელისუფლებები. ამას აქვს თავისი მიზეზები. ვინც იცის ევროპის კავშირისა და ევროპული ინტეგრაციის ისტორია, მოეხსენება, რომ ევროპის კავშირის გაფართოება ხდება ხოლმე რეგიონების მიხედვით. თუ ავიღებთ პირველ გაფართოებას, ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას ერთი რეგიონი დაემატა - თავიდან ექვნი იყვნენ და სამი დაემატა. შემდეგი გაფართოებაც რეგიონების მიხედვით მოხდა. ევროპის კავშირში მარტო გაწევრიანდეს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროპის კავშირთან და იმყოფება ევროპის ყველაზე უფრო აღმოსავლეთ ნაწილში, იქნებოდა ძალიან რთული, მე ვიტყოდი, შეუძლებელიც კი. ამიტომ მოლდოვა-საქართველო-უკრაინის ჯგუფის დაშლა იქნებოდა ჩვენთვის ძალიან ცუდი. ორი ნაბიჯით თუ ჩამოვრჩებოდით მოლდოვასა და უკრაინას, ეს ორი ქვეყანა, როგორც რეგიონი, შეგვასწრებდა ევროპის კავშირში, ჩვენ მერე ვისთვან უნდა დავწყვილებულიყავით?
- შარშანაც იგივე ნაბიჯი გადადგა ევროპამ, როდესაც საქართველოს არ მიანიჭა სტატუსი, მაგრამ იმის გამო, რომ არ დაშლილიყო ეს ტრიო, მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა. რატომ გააკეთეს ეს და რატომ იზრუნეს ჩვენზე, როგორც თქვენ თქვით, მეტად, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მთავრობამ?
- სხვა შემთხვევაში ჩვენ სად ვრჩებოდით? შეიძლება მომავალში დავწყვილდეთ სომხეთთან, თუ სომხეთი მკაფიოდ გამოამჟღავნებს თავის ევროპულ მოსწრაფებებს. უკვე გამოამჟღავნა, მაგრამ ერთია, რომ ეს დეკლარირებულად თქვას და მეორე, ეს გააკეთოს. ამას დრო დასჭირდება, რომ დაგვეწიოს და ერთად ვიყოთ. ჩვენ ეს მაინცდამაინც არ გვაწყობს. მერე ვისთან ვრჩებოდით კალათაში? ვრჩებოდით კოსოვოსთან, რომელსაც ჩვენ არც ვაღიარებთ. ამას გარდა, ევროპის კავშირის 5 სახელმწიფოა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. შესაბამისად, კოსოვოს ევროპული პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი. სად ვრჩებოდით? ეს არის ევროპის კავშირის ბოლო გაფართოება. მეტი გაფართოება აღარ იქნება, რადგან მეტი ევროპული სახელმწიფო არ არსებობს. ამით ევროპა, როგორც კონტინენტი, სრულდება. ყველა ევროპული სახელმწიფო იქნება ევროპული კავშირის წევრი, ვისაც, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს. გარდა ამისა, არ ვიცით, მომავალ წლებში რა იქნება. ჩვენ რომ ვამბობთ, „შესაძლებლობების ფანჯარა“, იგი ყოველთვის ღია კი არ იქნება, უკვე ჩანს ნიშნები, რომ იხურება. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოხდება 2024-ში. იქნება კიდევ ასეთი გეოპოლიტიკური ევროპული კომისია? როგორი იქნება ევროპის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროპის შემადგენლობა, რომელმაც კომისია უნდა დაამტკიცოს? იქნება კი მომდევნო წლებში ევროპის კავშირში ისევ გაფართოების სურვილი? შეგახსენებთ, რომ ბოლო დიდი გაფართოების შემდეგ ევროპის კავშირს გაფართოების კომისარიც არ ჰყოლია და ისინი არ აპირებდნენ შემდგომ გაფართოებას. ყველაფერი შეიცვალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. ევროპის კავშირმა მაშინ გადაწყვიტა, რომ უნდა შეეცვალა მიდგომები, გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის, გამხდარიყო უფრო გეოპოლიტიკური აქტორი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ეს მოცემულობა დარჩება თუ არა, არ ვიცით. ბოლო გაფართოების ნიშნულად აღებული აქვთ 2030 წელი. ამის იქით რა იქნება, არ ვიცით. არც ის ვიცით, როგორი იქნება აშშ-ის არჩევნების შედეგები, არც ის ვიცით, როგორი იქნება უკრაინაში ომის მსვლელობა, არც ის ვიცით, ევროპის წევრ სახელმწიფოებში, სადაც ასევე იმართება არჩევნები, რა პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ. აი, ჰოლანდიაში აღმოჩნდა, რომ ევროსკეპტიკოსებმა და გაფართოების მოწინააღმდეგე ძალამ მოიპოვა ყველაზე მეტი მანდატი. იგივე სურათი იკვეთება ავსტრიაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის პარტია ლიდერობს, რომელიც ასევე ევროსკეპტიკოსია. წარმოდგენა არ გვაქვს, რა იქნება თუნდაც საფრანგეთში. ეს რადიკალური პოლიტიკური ძალები, შესაძლოა, უფრო გაძლიერდნენ. ეს ძალიან ცუდი პერსპექტივა იქნება. როდესაც ასეთი ბუნდოვანი პერსპექტივაა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვეჩქარა, მაგრამ საქართველოს მთავრობას, როგორც ჩანს, არსად ეჩქარებოდა. მეორე _ ევროპის კავშირსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება არა დამსახურების მიხედვით, არამედ გეოპოლიტიკურად რა არის უფრო სწორი, თორემ დამსახურების მიხედვით რომ არ გვეკუთვნოდა, ეს ცხადია. ტექნიკური შეფასების ნაწილშიც ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ მოეცა დადებითი რეკომენდაცია. ამდენად, გამოიკვეთა 5 ფაქტორი, რამაც განაპირობა საქართველოთვის სტატუსის მინიჭება: 1. მარტის აქციები და ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოვლენილი ძალიან მკაფიო ნება; 2. მაღალი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებში ევროპული ინტეგრაცის იდეის; 3. ევროპის კავშირის მხრიდან გეოპოლიტიკური მიდგომები, ანუ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და არა გადაწყვეტილება დამსახურების მიხედვით; 4. სურვილი, რომ არ დაშლილიყო ტრიო, რათა საქართველოს ეულად დარჩენა კიდევ უფრო გაართულებდა მის პერსპექტივას; 5. მომავლის ბუნდოვანება. არ იყო დასაკარგი დრო, პირიქით დრო იყო მოსაგები.
- აღნიშნავენ, რომ მხოლოდ სტატუსი არაფერია საქმის გარეშე. რამდენად აქვს ხელისუფლებას მზაობა ამ საქმის, ანუ დათქმებისა და რეკომენდაციების შესრულების?
- როგორ თუ არაფერია?! სტატუსი არის ერთი ეტაპი, რომელსაც მოყვება თავისი ბენეფიტები. დათქმები უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები. სტატუსი, რა თქმა უნდა, დიდი მონაპოვარია, მაგრამ სტატუსი არის ერთი ეტაპი. ჩვენ გვაქვს მოცემული 9 დათქმა. ეს 9 დათქმა უნდა შევასრულოთ, რომ ევროპის კავშირმა გადაგვიყვანოს შემდეგ ეტაპზე. ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება და რასაც ვუყურებ, ძალიან მინდა ვცდებოდე _ ამ ხელისუფლებას ახასიათებს ევროპის კავშირის მოტყუება. ამას აკეთებს 2019 წლიდან. ამ ტყუილებში აშკარად არის შემჩნეული: შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევიდან დაწყებული, რეკომენდაციებით გაგრძელებული. თუ 12 რეკომენდაცია არ შეასრულა, რაც დამოკიდებული იყო მათ პოლიტიკურ ნებაზე, რატომ უნდა შეასრულოს ეს 9 დათქმა?
- აცხადებენ, რომ „ორ ფეხზე დგომით“ და ღირსებით მივიღეთ სტატუსი, რამდენად მოსალოდნელია, რომ შეცვლიან ამ ქედმაღალ დამოკიდებულებას და ახლა სხვანაირად მოიქცევიან?
- დიახ, ამ დათქმების შესრულება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს არსებულ ხელისუფლებას ექნება იმის პოლიტიკური ნება, რომ ეს 9 დათქმა შეასრულოს და საქართველო გადაიყვანოს ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რაც არის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ეტაპი. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. არის 30-ზე მეტი თავი, რაც ეხება სხვადასხვა საკითხს: უსაფრთხოებას, გარემოს დაცვასა და ა. შ. თითოეული თავი უნდა დავხუროთ. ეს ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს სახელმწიფოსა და, ზოგადად, ჩვენს ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან, ევროპულ ცხოვრებასთან და ევროპულ პოლიტიკურ სისტემასთან. ეს ნიშნავს რეფომებს. ჩვენ უნდა გავატაროთ რეფორმები ყველა სფეროში. სანამ არ დაიხურება ერთი თავი, არ გაიხსნება მეორე. რა პერიოდში დავხურავთ სხვადასხვა თავს, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული.
- საქართველოს მოქალაქეების ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა, გარკვეულწილად, დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთანაც. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. რა შესაძლებლობას ქმნის ამ მხრივ ეს პროცესი?
- არ მგონია, რომ ევროპული ინტეგრაციის მაღალი მხარდაჭერა მხოლოდ უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარეობდეს. საქართველოს მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ ევროპის სივრცე ეს არის მშვიდობის, სტაბილურობისა და, ზოგადად, განვითარების სივრცე. საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება ევროპის კავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, იძულებით ემიგრაციაში, სადაც ისინი მუშაობენ და იქ ნაშრომით ინახავენ აქ საკუთარ ოჯახებს. მიდიან იქ, სადაც მეტი შესაძლებლობაა საკუთარი თავის რეალიზაციის, სადაც შრომა ფასდება, მეტი თავისუფლება და მაღალი ანაზღაურებაა. მგონი, უსაფრთხოების საკითხთან ერთად ესეც განაპირობებს ევროინტეგრაციის მაღალ მხარდაჭერას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ მცხოვრებმა ადამიანებმაც, სინამდვილეში, მიიღეს ევროკავშირის სტატუსი, როგორც სხვა მოქალაქეებმა.
- საქმე ისაა, იციან თუ არა ამის შესახებ. სოხუმში აცხადებენ, რომ ბრიუსელში სურთ, მათი დედაქალაქი თბილისში იყოს, რაც მათ არ უნდათ…
- რასაც საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, გასაგებია. ისინი სხვანაირად არ იტყვიან. დარწმუნებული ვარ, იქაც არიან ადამიანები (აფხაზეთში, თორემ ცხინვალის რეგიონში აღარც არის ადგილობრივი მოსახლეობა), რომლებიც აცნობიერებენ, რამხელა პერსპექტივა შეიძლება გაიხსნას მათთვისაც. ევროპის კავშირში გაწევრიანება, ზოგადად, უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას. გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს შეიძლება მიებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც. ჯერ კონტურები რომ არ უჩანს, ეს ისეთი ბუნდოვანი პერსპექტივაა. რასაკვირველია, აქ გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს თუ იცოდინებათ, რომ ევროპის კავშირი არის სივრცე, სადაც ეთნიკური უმცირესობები ყველაზე უკეთ დაცულები არიან, სადაც რეგიონული ენები დაცულია, შესაძლებელია, მათ ეს მიზიდულობა გაუჩნდეთ. თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება, შესაძლებელია, ჩვენ სტატუსის მიღება ვაქციოთ პოლიტიკურ იარაღად ოკუპირებულ რეგიონებთან მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან სალაპარაკოდ. ჯერჯერობით, ასეთ პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ და ამ მიმართულებით მთავრობას არაფერი დაუწყია.
- არც პოლიტიკური სპექტრი განიხილავს, სამწუხაროდ, ამ საკითხებს.
- იმის ნაცვლად, რომ „ჩვენ მოვიპოვეთ ეს ყველაფერი და მადლობა ბიძინა ივანიშვილს“, პრემიერ-მინისტრს შეეძლო ეთქვა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებო ადამიანებო, სტატუსი თქვენც გეკუთვნით. ასე შესაძლებელია, სოხუმისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს თბილისი. ევროპის კავშირი არის ის სივრცე, სადაც 80 წელია, ომი არ ყოფილა. თუ გადავხედავთ ისტორიას, ევროპის კონტინენტზე მუდმივად იყო ომი და ამ ერთობამ მოიტანა მშვიდობა.
- რაც შეეხება ნატოს წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას განცხადებას ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩინელები არ უნდა შევუშვათ, რას იტყვით ამაზე?
- მან აღნიშნა, რომ სტრატეგიულ ობიექტებში არ უნდა შევუშვათ ჩინელები. აქ არ არის მხოლოდ ანაკლიაზე საუბარი, ზოგადად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არ ღირს მათი შეშვება, რადგან გამოცდილება მიუთითებს, რომ მსგავსი ალიანსი არ მთავრდება ხოლმე კარგად. კოლომინას არ უთქვამს, მაგრამ დავამატებდი, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში ასევე უნდა ვიყოთ ფრთხილად. მაგალითად, არის დაკრედიტების პროგრამები, რომელსაც ჩინეთი იყენებს სხვადასხვა სახელმწიფოებთან მიმართებით. კარგია ფული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფული შეიძლება ზოგჯერ აღმოჩნდეს ხაფანგი.
- საარჩევნო წელი მოდის, ჩნდება შანსი, შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. რამდენად იძლევა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ამის იმედს? შეიძლება ითქვას, რომ იქ ჯერ დუღილის პროცესია…
- არსებული ხელისუფლება არ ავლენს პოლიტიკურ ნებას, რომ შეასრულებს 9 დათქმას, ეს უკვე გამოავლინდა, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. არჩევნებამდე უკვე წელიწადიც არაა დარჩენილი. მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია, ოპოზიციას ჯერ არა. ალბათ, თებერვალ-მარტიდან ოპოზიციაც უფრო აქტიური იქნება და გაზაფხულზე უფრო გამოიკვეთება სურათი, ვინ სად არის. ჩანს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ადრეც ყოფილა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულან წევრები, მაგრამ ეს ენმ-ს რეიტინგზე არ ასახულა. ის უსწრებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ცალ-ცალკე და ხანდახან უსწრებს ყველა ოპოზიციურ პარტიას აღებულს ერთად. ენმ ამომრჩევლის თვალში მაინც არის იდენტიფიცირებული მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ რატომ ინარჩუნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციებს. ზოგადად, გაკეთებული საქმეების რეკორდი აქვს ამ პარტიას და ამაზე ისინი ყოველთვის შეძლებენ კაპიტალიზაციას. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ პარტიაში განვითარებული ბოლო მოვლენები არ აისახება ამ პარტიის რეიტინგზე.
- ამ შემთხვევაში საუბარია არა მეორე ადგილზე, არამედ გამარჯვებაზე. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ადამიანები საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე და ამ მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ დაყენება ხდება „ქართლ ოცნებასთან“ ერთ სიბრტყეზე. რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა პარტიას, სადაც არ არის მმართველობის დემოკრატიული ფორმა?
- პარტიიდან გასული ადამიანები შემდეგ საუბრობენ პარტიაში არსებულ პრობლემებზე. კითხვა ისმის, _ როდესაც შენ იქ იყავი, თვითონ რა გააკეთე იმისთვის, რომ პარტია ყოფილიყო განსხვავებული? ეს არ ეხება მხოლოდ ენმ-ს, ეხება ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, რადგან ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიაში არსებობს დემოკრატიის პრობლემა.
- არსებული პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რამდენად აქვს ოპოზიციას გამარჯვების შანსი?
- არის ძალიან მაღალი ბარიერი, 5-პროცენტიანი ბარიერი. ამასთან, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს პარტია, მას ექნება საბიუჯეტო დაფინანსება. ეს ორი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ძალიან მზაკვრული გეგმაა აქვთ ჩაფიქრებული. 5-პროცენტიან ბარიერს ბევრი პარტია ვერ გადალახავს, ანუ იქნება ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, გადაუნაწილებელი მანდატი. ძალიან ბევრ პარტიას არ მოუნდება, რომ ამ გამსხვილების პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ბევრი იფიქრებს, _ მოდი, რა, ჩემს ერთ პროცენტს დავჯერდები, საბიუჯეტო დაფინანსება მაინც მექნება. შედეგად, გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად წავა გამარჯვებულ პარტიასთან. თუ, ვთქვათ, „ქართული ოცნება“ აიღებს ყველაზე მეტ ხმას, ის ხმები, რომლებიც წავა იმ პარტიებთან, რომლებიც ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, გარდაისახება მანდატებში, რომელიც დაემატება გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“. ეს არის ძალიან კარგი სატყუარა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო. ამ სატყუარას მოკიდებენ თუ არა ხელს პოლიტიკური პარტიები, ეს არის მათზე დამოკიდებული.
- შეიძლება ითქვას, ვიდრე მოქალაქეები მივლენ და არჩევანს გააკეთებენ საარჩევნო ყუთთან, მანამდე თვითონ პარტიებმა უნდა გააკეთონ არჩევანი: რა ურჩევნიათ, _ შეინარჩუნონ საბიუჯეტო დაფინანსება და ამით შეინარჩუნონ არსებული ხელისუფლება თუ ცვლილებებისთვის გარისკონ?
- თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ იბრძოლოს თავისი ერთი პროცენტისთვის და არ იბრძოლოს ქვეყანაში რეჟიმის შესაცვლელად, ეს მგონია, რომ არის მცდარი პოზიცია. თუ პარტია ხედავს, რომ მარტო ვერ შეძლებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ასეთმა პარტიებმა უნდა იფიქრონ გაერთიანებაზე. უნდა ჩამოაყალიბონ ამომრჩეველთან სწორი კომუნიკაცია, ელაპარაკონ იმ თემებზე, რომელიც ამომრჩეველს აწუხებს.
- რაც შეეხება გამაერთიანებელ ლიდერს, ძალას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში არსებულ სხვადასხვა პარტიას, მოძრაობას გააერთიანებს, თუ ხედავთ ასეთ ლიდერს პოლიტიკურ ავანსცენაზე? ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილი. რამდენად შეიძლება გახდეს ის ასეთი ლიდერი ან „გამარჯვების პლატფორმიდან“ გიორგი ვაშაძე ან თუ ხედავთ სხვას ასეთ გამაერთიანებელ ფიგურას?
- კითხვა ასე უნდა დავსვათ, - საერთოდ არის თუ არა ამის საჭიროება? პოსტტოტალიტარულ საზოგადოებებს შეიძლება სჭირდებათ ხოლმე ასეთი გამაერთიანებელი ლიდერი. არ ვიცი, რამდენად არის დღეს ასეთი გამაერთიანებელი ლიდერის საჭიროება. სალომე ზურაბიშვილი რომ ასეთ ლიდერად არ გამოდგება, ამაში დარწმუნებული ვარ. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ მგონია, რომ ოპოზიციონერია, უფრო მგონია, ის არის „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა. ის, რომ მართლაც არის დაპირისპირებული „ქართული ოცნების“ სხვა ფრთასთან, იმას არ ნიშნავს, რომ იგი უნდა წარმოვიდგინოთ ოპოზიციურ ლიდერად. ზოგადად, ის ადამიანები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებიდან, ზოგიერთი პოლიტიკოსი „ქართული ოცნებიდან“ წამოსული, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ორბიტაზე ტრიალებს, მგონია, რომ ისინიც ასევე ტრიალებენ „ქართული ოცნების“ ორბიტაზე. ჩემი განწყობა ასეთია, რომ „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა შეიძლება მხოლოდ ეხმარებოდეს მეორე ფრთას და ცოტა მეტი ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ, ვინ სად დგას ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ოპოზიციას, მგონი, უნდა იყოს გამაერთიანებელი იდეა, რაც არის არსებული რეჟიმის ცვლილების საწინდარი იმისთვის, რომ საქართველო სტატუსის მქონე ქვეყნიდან გადავიდეს შემდეგ ეტაპზე.
- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისმა საჯაროდ გამოჩენამ კვლავ გაააქტიურა თემა პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ, რომ ის ისევ გახდება „მაშველი რგოლი“ „ქართული ოცნებისთვის“. იყო ასეთი განცხადებაც, რომ თუ დაბრუნდება, მხოლოდ სხვა გუნდით, რას იტყვით ამაზე?
- თეორიულად, ყველა სცენარს აქვს არსებობის უფლება. მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ „ქორების გუნდს“: კობახიძე-ღარიბაშვილი-მდინარაძე და მეორე მხრივ, ზურაბიშვილი-ბესელია-ლომჯარიას ჯგუფს. ივანიშვილი ორ სკამზე ზის, ზურაბიშვილისა და მისი ჯგუფის პირით ელაპარაკება დასავლეთს და ღარიბაშვილი-კობახიძის პირით ელაპარაკება საკუთარ მოქალაქეებს. რა მომენტშიც დასჭირდება, გადაჯდეს სხვა სკამზე, გადაჯდება. თუ მას დასჭირდება განახლებული გუნდი, რატომაც არა, ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა ამისთვის.
- 2023 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ასევე საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც „ქართულმა ცნებამ“ მოუწყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- ჩვენ ვნახეთ ბრწყინვალე შოუ, რომელმაც საკმაოდ დიდი ხნით ყურადღება გადაიტანა ქვეყანაში არსებული მთავარი საკითხებიდან ამ შოუზე. როცა ეს შოუ დადგეს, აღარავის ახსოვდა შოვის ტრაგედია, აღარავის ახსოვდა სტატუსის საკითხი, შეუსრულებელი 12 რეკომენდაცია. ამ შოუმ დაიკავა მთელი 2 კვირა. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ასეთი ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც წარმატებით ხორციელდება ისეთ საზოგადოებაში, რომელსაც აქვს დაბალი საბაზისო პოლიტიკური განათლება.
სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არიან ის ადამიანები, რომლებმაც, რატომღაც, 9 მარტს მიტინგის დაშლა გადაწყვიტეს. რატომ გადაწყვიტეს მიტინგის დაშლა, როდესაც ჩვენ გვქონდა მორალური უპირატესობა? რატომ არ მოვითხოვეთ 9 მარტს 12 რეკომენდაციის შესრულება? მაშინ ხომ ისინი წამომსვლელები იყვნენ უფრო მეტ დათმობაზე? ახლა ზოგიერთი მათგანი ევროპის კავშირის დროშით დარბის და უნდა, რომ ეს ევროპული იდეა რაღაცნაირად მიიტაცოს და მასთან იყოს ოდენტიფიცირებული. არ მგონია, რომ ეს მათ გამოუვიდეთ. მარტის მოვლენების დავიწყება არაფრით არ შეიძლება. ამის გათვალისწინებით ძალიან კარგად ჩანს, რა ტიპის ცენტრი შეიძლება შეიკრას სალომე ზურაბიშვილთან. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტი, არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის, რომ მე ამისკენ ვარ, მაშინ გასაგებია, რომ მთელი ხმები აქეთ წამოვა.
- გახარიას პარტიასა და მის ფაქტორს როგორ ხედავთ ამ პოლიტიკურ სპექტში?
- გახარია, ალბათ, უფრო ცენტრშია. თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ცენტრში ვიღაცები ისევ ერთად აღმოჩნდნენ. რამდენად აწყობს ეს გიორგი გახარიას, არ ვიცი, ალბათ, უფრო არ აწყობს.
- 2024 წლის დასაწყისისთვის ნიკა მელიას პარტიის შექმნა იგეგმება, მის პერსპექტივაზე რას იტყვით?
- პარტიის დაფუძნება არ არის ადვილი, ეს დაკავშირებულია, მათ შორის, ფინანსებთან. ბევრი გვინახავს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველო“, მაგრამ მათგან ყველაზე მაღალი შედეგი იყო 11 პროცენტი. ძირითადად, მათი შედეგი არის 5 პროცენტის ზღვარზე. არ ვიცი, ზოგადად, რამდენად აქვს პერსპექტივა ახალ პოლიტიკურ პარტიას, 5-პროცენტიანი პარტიის ზემოთ იყოს. გაზაფხულზე უფრო მეტი რამ იქნება გამოკვეთილი, როდესაც მოახლოვდება არჩევნები. თუმცა მჯერა, შედეგები უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა შეიძლება ჩანდეს.