„შავიც ყავისფერის ელფერია. და თუ კარგად დააკვირდები – თეთრიც“, – ამ მაგნიტური სიტყვებით იწყება ჯონ აპდაიკის რომანი „ბრაზილია“ და პირველივე სტრიქონებიდან მორევივით გითრევს მწერლისთვის დამახასიათებელი მსუყე თხრობით, ცოცხალი აღწერებით, გაუგონარი მეტაფორებითა და სიუჟეტის ფანტასმაგორიული ხვეულებით.
თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია – ასე გვაცნობს წიგნს მისი ანოტაცია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რომანის პროტაგონისტებს ცოტა საერთო აქვთ მითოლოგიურ თუ ვაგნერის დრამის გმირებთან, სახელების, აკრძალული სიყვარულის ლაიტმოტივისა და თანდაყოლილი ფატალიზმის გარდა. აქ მიჯნურებს სხვა, ერთმანეთს მიღმა სამყაროც აქვთ. მათ მოსწონთ და უყვარდებათ სხვები, ისინი წლობით არსებობენ უერთმანეთოდ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. რაც მთავარია, აქ იზაბელი არ კვდება და არც თავს იკლავს – ის ტრისტაოს გარეშე აგრძელებს ცხოვრებას (თუმცა კი ძალიან უნდა გულს გაჩერება უბრძანოს).
ამბავი ბრაზილიის მცხუნვარე პლაჟებზე, ტროპიკული ოფლით მორწყულ ოქროს საბადოებზე, გაუვალ ჯუნგლებსა და მითიურ დროებაში ვითარდება. რიოს ოქროსფერ პლაჟზე დაწყებული, ერთი შეხედვით ბანალური ვნების ამსახველი თინეიჯერების ამბავი, რომელიც მაღალი კლასის თეთრი გოგონას მიერ ფაველაში მაცხოვრებელ, ქურდობითა და ყაჩაღობით თავის მარჩენალ შავკანიან ბიჭთან საპროტესტო სექსით იხსნება, მალევე სცდება რეალობის დრეკად საზღვრებს. თავბრუდამხვევი და ვულგარულობის მიჯნაზე სახიფათოდ მოფარფატე შესავლის შემდეგ (აპდაიკთან სექსი ყოველთვის საქმიანად, გრაფიკული დეტალურობით არის აღწერილი, სენტიმენტალობისა და განცდების გარეშე), ავტორი სულ ცოტა დროს გვაძლევს მოსასულიერებლად, სანამ ფაბულა მოულოდნელ განვითარებას ჰპოვებს.
ამ წიგნის კითხვისას ბევრ სტადიას გადიხარ. თავდაპირველ აღფრთოვანებას მალევე ცვლის ოდნავი გაკვირვება პერსონაჟების არაბუნებრივი ქცევის მიმართ (სანამ მიხვდები, რომ დამაჯერებლობა აპდაიკის მიზანი არცაა). გაკვირვებას მოსდევს მსუბუქი შოკი ავტორის (სწორედ ავტორის და არა მოქმედი პირების) პორნოგრაფიული ფანტაზიების გამო, რომელიც ერთობ ირიბ კავშირშია სიუჟეტთან და ძნელად შეეფერება 18 წლის გამოუცდელი გოგოს პერსონაჟის ტიპაჟს. არადამაჯერებელია მარქსის ციტატებით მოლაპარაკე ბოგანო. გაოცებას იწვევს რასისტული თუ სექსისტური კლიშეების კასკადი (how does he expect to get away with this? – წერს ერთი კრიტიკოსი თავის ჩანაწერებში) და ძალადობრივი პორნო-ფანტაზიების სიუხვე (გაუპატიურება, ცემა, ჯგუფური კოიტუსი). დამწყებ ან ნაკლებად ცნობილ ავტორს ეს არ შერჩებოდა, გამორიცხულია, თუმცა აპდაიკის ავტორიტეტი, რომლითაც ის მწერლობის მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მას ამ უპირატესობას ანიჭებს.
ზოგი მკითხველისთვის ალბათ მოსაბეზრებელი იქნება ტექსტში თითქოს ხელოვნურად მიმობნეული იდეოლოგიური ტირადები და შეგნებულად გამომწვევი ულტრამემარცხენე რადიკალიზმი, რომელიც პერსონაჟების უმანკო, ახალგაზრდული იდეალიზმის ნაცვლად, ავტორის პოზიციად და არც თუ ისე უნებლიე პროზელიტიზმად აღიქმება.
თუ მარქსისტული ბოდვების კასკადს გვერდზე გადავდებთ და პროვოკაციულ კლიშეებს არ მივაქცევთ ყურადღებას — მაგალითად, რომ სიღარიბე სიკეთეა, ხოლო სიმდიდრე აპრიორი ვიღაცის უბედურებაზე დგას; რომ, რაღაც გაგებით, ყველანი ქურდები ვართ და საშუალო კლასის ადამიანები უფრო დიდი ქურდები არიან, ვიდრე ჯიბის ქურდები; რომ რადგან სამყაროში ყველა რაღაც დოზით ქურდია, ამიტომ, ქუჩაში წვრილმანი ქურდობა ყველაზე ნაკლები დანაშაულია; რომ „თეთრი წესრიგი“ მოსაწყენია და მხოლოდ სიველურესა და სიმდარეშია კეთილშობილება; რომ განათლება და კანონმორჩილება უაზრობაა და მხოლოდ ჭუჭყში გაქცევაშია პირველყოფილი სიწმინდე; რომ ქალი ბუნებრივად დანებებისკენაა მიმართული, ხოლო სქესი ქალისთვის იმთავითვე მონობის საწინდარია – მაშინ ხელში ერთი დიდი სიყვარულის გორგალი შეგვრჩება: უსასრულო ძიება ტანჯვის, სიკვდილის, სრული გარდასახვის, სხვაში გადასახლებისა და საკუთარ თავთან საბედისწერო დაბრუნების გზით.
მოგზაურობ წიგნში პერსონაჟებთან ერთად და არ გტოვებს შეგრძნება, რომ სიზმრისეული ჰალუცინაციის მძევალი ხარ, რომელშიც ხორციელი ლტოლვით დაწყებული და აკვიატებად ქცეული უცნაური სიყვარული მძაფრ ფონად გასდევს შუადღის მოჩვენებებად მოვლენილი ეპიზოდების კრებულს.
ქალი ექვს შვილს აჩენს, ექვსივეს – ადულტერის შედეგად (დიახ, ტრისტაოს და იზაბელის სიყვარული ბერწია). აჩენს და გზადაგზა კარგავს. მაგრამ დედას შვილები არც ახსოვს და თითქოს არც ადარდებს – მხოლოდ ზმანებად ქცეული და პირვანდელ მომხიბვლელობას უიმედოდ დაშორებული ქმარია მისი იდეაფიქსი.
კითხულობ და თხრობის მასშტაბის ცვლილებასთან ერთად, კანზე გამოყრილი ხორკლებივით გრძნობ დროის სუსხს. თხრობის მასშტაბი კი სულ თამაშობს და გათამაშებს: ზოგჯერ ერთი დეტალის ან მცირე ეპიზოდის აღწერა რამდენიმე გვერდს იკავებს, ხან კი ერთ აბზაცში გადის წლები.
რომანის კითხვისას ბევრ პარალელურ გზას მიჰყვები, არაერთ მწვერვალს იპყრობ, უთვალავ ტალღას გადალახავ… ბოლოს ჩერდები, თვალებს იფშვნეტ, მიმოიხედავ და ბრუნდები საკუთარ თავთან – დაღლილი, გასავათებული, ემოციებისგან დაცლილი, ზღაპრისგან გაბრუებული და გამოსაფხიზლებლად მოუმზადებელი. ხურავ წიგნს და გინდა „ძილი შეიბრუნო“ – ვინძლო სიზმარი დაბრუნდეს.
…თუ გსურთ პანდემიისგან მოგვრილი შფოთი სიმშვიდედ აქციოთ, გაეშვით იმას, რაც ხანგრძლივ ყურადღებას არ მოითხოვს. და იკითხეთ. თუნდაც – ჯონ აპდაიკის „ბრაზილია“, ზაზა ჭილაძის ბრწყინვალე თარგმანში. იკითხეთ და შეიგრძენით ჯადოსნური რეალიზმის მწველი მაგია.
პუბლიკა.ჯი
12.04.2020