08. 09. 2018
ზაზა ბიბილაშვილი

ქართული თუ რუსული ოცნება? მხოლოდ ფაქტები

„ქართული ოცნების ზოგიერთი წევრი მართლაც პრო-დასავლურადაა განწყობილი“ (“Some in Georgian Dream are genuinely pro-Western”), განაცხადა 2017 წლის ზაფხულში ერთმა მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა, როცა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ კონგლომერატს აღწერდა. ასე ზუსტად ალბათ არც ერთ უცხოელს არ დაუხასიათებია ივანიშვილის ოლიგარქიული კაპიტალის გარშემო შეკრებილი ეკლექტური დაჯგუფება, რომლის დამფუძნებელიც უკვე მეშვიდე წელია მართავს საქართველოს.

მანამდე, 2016 წელს, პრაქტიკულად იგივე აღიარა „ოცნების“ მიერ აშშ-ში ელჩად მივლენილმა ა. გეგეშიძემ.  ოღონდ ამ უკანასკნელმა აქცენტი განსხვავებულად დასვა, განაცხადა რა, რომ [პრორუსული ძალები მმართველ გუნდში] „არიან, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ“.

სულ ახლახანს კი, 2018 წლის გაზაფხულზე, ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, რომელიც იმთავითვე ლოიალურად იყო განწყობილი „ოცნების“ მიმართ, ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრაზე იკითხა - „ძალიან მიამიტი ხომ არ ვიყავით ევროკავშირში, როცა თქვენს ეჭვებს სკეპტიკურად ვუყურებდით და „ოცნების“ პროდასავლურობას ეჭვქვეშ არ ვაყენებდით?“

ამ ციტატებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთისთვის უკვე ბევრი რამ ნათელია და წინამდებარე ბროშურის გამოცემა შეიძლება დაგვიანებულიც იყოს.  მეორე მხრივ, საქართველოში ამ საკითხზე ჯერ ისევ გაურკვევლობაა: საზოგადოების გამოკვეთილად პრო-დასავლური და ანტი-რუსული განწყობები ყოველთვის ლოგიკურად არ ითარგმნება ხელისუფლების ქმედებების აღქმა-შეფასებაში - ქმედებებისა, რომელიც შეუსაბამოა ქართული სახელმწიფოს  დეკლარირებულ კურსთან.  ბევრს უჭირს იმის დანახვა, რომ ანტიდასავლურ ძალებს მთავარი დასაყრდენი სწორედ ხელისუფლებაში ჰყავს, რაც, ერთი შეხედვით, გასაგებია – სხვა თუ არაფერი, სწორედ „ოცნების“ პირობებში დასრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები და დაიწყო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა.  ამდენად, მტკიცება იმისა, რომ „ოცნება“ პრორუსულია, არადამაჯერებელია.

ამასთანავე, არსებობს უამრავი ფაქტი, რომელიც შეუძლებელია ეჭვს არ აჩენდეს მმართველი ძალის საკვანძო ფიგურების რეალური მოტივაციის მიმართ.  „ოცნების“ ღია თუ ფარული მხარდამჭერები ასეთ ფაქტებს ხელისუფლების არაკომპეტენტურობით გამოწვეულ შეცდომებად ან

უნებლიე შემთხვევითობად ნათლავენ და მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მათ გავლენა არ აქვს.  

რამდენად დამაჯერებელია ეს პოზიცია?  თავად განსაჯეთ:

შეიძლება თუ არა რუსეთის ლუსტრირებული აგენტი შემთხვევით აღმოჩნდეს საიდუმლო სამხედრო ობიექტზე? – რა თქმა უნდა, შეიძლება.

შეიძლება თუ არა ოკუპირებულ ქვეყანას შემთხვევით აღმოაჩნდეს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ ინფორმაციის პასუხად იტყვის, რომ რუსეთის აგენტის თავდაცვით ობიექტებზე შეშვება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან არაფერი საიდუმლო ამ ობიექტებზე არაა? – ალბათ, ესეც შესაძლებელია.

შეიძლება თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის რეინტეგრაციის მინისტრად შეცდომით დაინიშნოს პირი, რომელიც თვლის, რომ „პუტინი მტერი არ არის“? – ბევრგან ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ თანამედროვე საქართველოში, სამწუხაროდ, არც ესაა გამორიცხული (ეგებ მის პოზიციას სათანადოდ არ იცნობდა ივანიშვილი?  თუმცა, ერთობ უცნაურია, რომ არც გაცნობის შემდგომ გაჰკვირვებია).

შეიძლება თუ არა თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო ან რომ რუსული აგრესიის „თავიდან აცილება“ ჩვენს ხელში იყო?  ასეთი შემთხვევითობა მართლაც იშვიათია, მაგრამ დასაშვები.

შეიძლება თუ არა ისე დაემთხვეს, რომ მხოლოდ ერთ, 2014 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალოს ოპერაცია „კოდორი 2007“-ის მონაწილე 5 სპეცრაზმელი, რომელთა დასჯასაც რუსეთი წლებია ითხოვდა?  თეორიულად, ვერც ამას გამოვრიცხავთ.

რა არის იმის ალბათობა, რომ საკუთარი სპეცრაზმელების გარდაცვალება ხელისუფლებამ არათუ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოიძიოს, არამედ უბედურ შემთხვევად მონათლოს (მაგალითად, ექსპერტიზის ჩატარების ნაცვლად, მეორე დღესვე მოახდინოს იმ შენობის დემონტაჟი, რომელშიც წყლის ავზის აფეთქებამ უშიშროების მაღალჩინოსანი იმსხვერპლა)?  პრინციპში, გამოსავლის მონახვა აქაც შესაძლებელია („არაკომპეტენტური გამომძიებლების მეტი რა არის?“).

შეიძლება თუ არა ამერიკის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი, ცალხელა და ცალფეხა ახმედ ჩატაევი, რომელიც „ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე პოლიტდევნილის მანტიით გაათავისუფლა ციხიდან, ხელისუფლების დახმარების გარეშე შემოსულიყო საქართველოში მისი რაზმის წევრებთან ერთად, თბილისში დასახლებულიყო და ბინა საბრძოლო არსენალით აევსო?  ალბათობა უკიდურესად დაბალია, მაგრამ კატეგორიულად ვერც ამას გამოვრიცხავთ - რაღაც ზებუნებრივი მანქანებით, შესაძლოა, ესეც მომხდარიყო.

შეიძლება თუ არა შეცდომას ან არაინფორმირებულობას დავაბრალოთ ის, რომ თითქოსდა ევროატლანტიკური ღირებულებებისთვის მებრძოლი არაფორმალური მმართველის საყვარელი გაზეთი რუსული პროპაგანდის ფლაგმანი „ასავალ-დასავალია“?  ვერაფერს ვიტყვით, რთული დასაჯერებელია.

ეს კიდევ კარგი, მაგრამ ნუთუ შეიძლება იგივე „ასავალ-დასავალი“, თავის მხრივ, წლების მანძილზე ცდებოდეს და ურყევად მხარს უჭერდეს „პროდასავლურად განწყობილ“ ივანიშვილს?!

თეორიულად, ყოველივე ზემოთქმული მართლაც შესაძლოა უცნაური დამთხვევების მთელი კასკადი იყოს.  მაგრამ რა ვუყოთ „ოცნების“ მიერ 2012 წელს განხორციელებულ „პოლიტპატიმართა“ მასობრივ ამნისტიას, რომელიც შემთხვევითობის ელემენტს მთლიანად გამორიცხავს?  ამ ამნისტიით, „ოცნებამ“ ციხეებიდან პოლიტპატიმრის(!) სტატუსით გაათავისუფლა ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშები და რუსული დაზვერვის მოქმედი ოფიცრები, რომლებიც ამასთანავე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ.  ამნისტიის კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პარლამენტს შესაბამისი დასაბუთებაც გადაუგზავნა, მაგრამ „ოცნების“ სრულად ინფორმირებულმა საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო ერთხმად(!) დაძლია.  ცხადია, ყველა ხელისუფლებას აქვს უფლება, გამოხატოს პოლიტიკური ნება და მტერთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (მაგალითად, გაათავისუფლოს მისი ჯაშუშები, თუნდაც ცალმხრივად და არაფრის სანაცვლოდ).  ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია.  მაგრამ განაცხადო, რომ შენი წინამორბედი მტრის ჯაშუშებს პოლიტიკურ(!) ნიადაგზე „დევნიდა“, სულ სხვა შინაარსის მატარებელი დეკლარაციაა - ქმედება, რომელიც არ ფერმკრთალდება, ვიდრე ამის გამკეთებელი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია და რომელიც თავმოყვარე საზოგადოებაში ცალსახა შეფასებასა და რეაგირებას მოითხოვს.

ეს ძალა - რომლის სახელის ორივე ნაწილი („ქართულიც“ და „ოცნებაც“) ან დიდი კურიოზია, ან ორველიანული ცინიზმი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს „დამოუკიდებელ“ კანდიდატად ასაღებს, მას უჭერს მხარს და, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ი. სესიაშვილის პირით გვპირდება, რომ „მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ კანდიდატის არჩევნებში გასამარჯვებლად“.

ეს ის ზურაბიშვილია, რომელმაც 2007 წელს რუსეთის მიერ წითელუბანში ანტი-სარადარო ბომბის ჩამოგდება საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ რუსეთის გასაშავებლად დადგმულ სპექტაკლად მონათლა - განცხადება, რომელიც მას უკან არასდროს წაუღია.

ეს ის ზურაბიშვილია, რომელმაც მრავალგზის, რუსეთთან უნისონში დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში და მხოლოდ ერთხელ, ისიც კეთილსინდისიერი დამკვირვებლისთვის სრულიად არადამაჯერებლად „ახსნა“ მისი პოზიცია, რაც საშუალებას მისცემდა „ოცნებას“ ორაზროვნად განეცხადებინა, რომ „სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიციას შეესაბამება“ (პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე).  

ეს ის ზურაბიშვილია, რომელსაც „ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენტი არ დაუყენა (ასეთი რაიონი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ერთი იყო - ის, რომელშიც ზურაბიშვილი იყრიდა კენჭს) და რომელსაც ამჯერად, 2018 წელს, არც ერთი აქტიური, ღიად პრორუსი პოლიტიკოსი (ბურჯანაძე, ინაშვილი, სხვები) არ დაუდგა კონკურენტად საპრეზიდენტო არჩევნებზე, რათა პრორუსული სეგმენტი არ დაბნეულიყო და ხმები არ გაყოფილიყო.  ჰოი, საოცრებავ! - ნუთუ ესეც უნებლიე დამთხვევაა?!

ივანიშვილისაგან და „ოცნებისგან“ განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის თაობაზე საზოგადოებაში სრული კონსენსუსია. ამდენად, მისი ლამის ყოველდღიური, მოღალატური გამონათქვამებით ამ კრებულს არ დავამძიმებთ.  სამაგიეროდ, შევეცდებით, საზოგადოებას დავანახოთ, რომ არანაირი განსხვავება ზურაბიშვილსა და მის მხარდამჭერ სახელისუფლებო ძალას შორის არ არსებობს.  ზურაბიშვილი დღეს ამბობს იმას, რაც იმთავითვე წარმოადგენდა ივანიშვილის კრედოს და „ოცნების“  პოლიტიკის განმსაზღვრელ საფუძველს.

იქნება ბევრი ისეთი, ვინც არ შეგვედავება აქ მოყვანილი ფაქტების სინამდვილეში, თუმცა არ დაიჯერებს, რომ ეს ფაქტები რაიმე არსებით გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა თუ მომავალზე.  „რა კონკრეტულ შედეგებში აისახება ზემოხსენებული ფაქტები?  რატომ უნდა ეხებოდეს ისინი საქართველოს რიგით მოქალაქეს?“ - იკითხავს დროებით აპოლიტიკურობას ამოფარებული „ოცნების“ ფარული მხარდამჭერი და იხტიბარს არ გაიტეხს.

პასუხი მარტივია: ხანდახან მომაკვდინებელი სიმსივნე დაავადების ბოლო, უკურნებელ სტადიამდე არ ვლინდება და ხანგრძლივი ვადის მანძილზე მხოლოდ მცირე დისკომფორტს ქმნის.  თუ ყველა სიმპტომი უკვე სახეზეა, ნუთუ ქართული სახელმწიფოს სრულ ჩამოშლას ან აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ საერთაშორისო აღიარებას უნდა დაველოდოთ იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე?  გარდა ამისა, განა ის, რაც 2012 წლიდან ხდება - ეკონომიკური წინსვლის პროგნოზირებადი შენელება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება ან გაუქმება, ლარის სტაბილური დევალვაცია, პენსიებისა და ხელფასების არ მომატება და არსებულის გაუფასურება, კორუფციისა და კრიმინალის დაბრუნება, ჯარისა და პოლიციის ავტორიტეტის და, შესაბამისად, ეფექტურობის დაცემა - მხოლოდ მცირე დისკომფორტია?  განა ეს ჩვენ ყოველდღიურად არ გვეხება?  განა ეს არ გვასუსტებს?  და განა ეს ყველაფერი „ოცნების“ მრწამსის, რიტორიკისა და ქმედებების პირდაპირი და უშუალო შედეგი არ არის?

...წინამდებარე კრებულში მხოლოდ დოკუმენტური, მარტივად გადამოწმებადი, ფაქტობრივი მასალაა თავმოყრილი. კრებული არ არის ამომწურავი და ყოვლისმომცველი, თუმცა საკმარის ინფორმაციას შეიცავს, რათა მკითხველს ლეგიტიმური კითხვები გაუჩინოს და ლოგიკური პასუხების ძებნა მოანდომოს.  მიგვაჩნია, რომ ამ ბუკლეტში თავმოყრილი ინფორმაციის გააზრება და შეფასება ერთი პატარა ნაბიჯია გზაზე, რომელსაც მოქალაქეობრივი კეთილსინდისიერება და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჰქვია.