"ვკითხულობთ ერთად" -მეთვრამეტე შეხვედრა
დიდად მოსაწონი საქციელი არ არის სხვის ფანჯრებში ყურება, მაგრამ ამ საქციელს სარგებლობის მოტანაც შეუძლია თურმე...
რომ არა ჯელსომინოს მიერ კედლის ტყვეობიდან გათავისუფლებული ფისოს, სახელად ფეხცანცარა ციცუნიას ამგვარი ცნობისმოყვარეობა, ცრუთა ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ დიდხანს ეგონებოდათ რომ მეფე ჯაკომონ პირველს ოქროსფერი კულულები უმშვენებდა თავს. არადა, სინამდვილეში პარიკს იყენებდა თურმე.
იტყვით, დიდი ამბავი, მელოტობა რა სადარდებელია კაცისთვისო და მართლებიც იქნებით, მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარი ავაზაკური წარსულის დასამალავად სიტყვებს მნიშვნელობას უცვლის და ქვეშევრდომებს აიძულებს უკუღმა ილაპარაკონ, ჩვენსავით არ ფიქრობს, მას ყოველმხრივ შემკულად სურს მოგვაჩვენოს თავი... 
ფისო მის საიდუმლოს მთელ ქვეყანას ამცნობს, ყველაზე გამოსაჩენ ადგილებში კედლებს თათით აწერს: "ჯაკომონი პარიკს ატარებსო."