ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში, 3 ნოემბერს გამართულ პანელურ დისკუსიაში „დახურული კარები, შემცირებული თავისუფლებები: საქართველოს გაფრთხილება ევროპის სამოქალაქო საზოგადოებისთვის“. ღონისძიება „Pretzels & Politics“ ფორმატში, ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდისა (FNF) და 4liberty.eu-ს ქსელის ორგანიზებით, FNF Europe-ს Liberal House-ში გაიმართა.
კალანდაძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ალდე-ს პარტიის (ALDE Party) გენერალური მდივანი დიდრიკ დე შეტცენი (Didrik de Schaetzen) და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტი, 4liberty.eu-ს სამოქალაქო სივრცის ანგარიშის 2025/2026 მთავარი ავტორი ბორის სტრეჩანსკი (Boris Strečanský). მოდერატორი ბარბორა კრემპასკა (Barbora Krempaská) იყო.
განხილვის თემა იყო საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანისა და კონრად ადენაუერის ფონდების საქმიანობის ბოლოდროინდელი იძულებითი შეწყვეტა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სივრცის მკვეთრი შემცირება ქვეყანაში. მონაწილეებმა საქართველოსთან სოლიდარობისა და მისი საქმის საჯარო ხილვადობის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. მათ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარალელები გაავლეს იმაში, თუ როგორ ზღუდავენ ხელისუფლებები სამოქალაქო საზოგადოებას, და რეკომენდაციის სახით შემოგვთავაზეს პოლიტიკური წნეხის უფრო ადრეული გამოყენება, ევროკავშირის დაფინანსების სამოქალაქო სივრცის ხარისხსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირება, ევროპული სასამართლოებისა და ვენეციის კომისიის გამოყენება, SLAPP-საწინააღმდეგო კანონმდებლობა და ემიგრაციაში იძულებით წასული აქტივისტების მხარდაჭერა.