„მომავალი შენია“ - შემაჯამებელი შეხვედრა კაჭრეთში

„მომავალი შენია“  - ამ მოწოდებით, 21 დეკემბერს, კაჭრეთში, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის პროექტის 150-ზე მეტმა მონაწილე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელესამოქალაქო აქტივიზმის მზარდ მნიშვნელობაზე საქართველოში.

„მოქალაქის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამა ილია ჭავჭავაძის ცენტრმა სამოქალაქო ჩართულობის პროექტი, რომელიც მთელი წლის მანძილზე საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობდა.

პროექტის „საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში შეხვედრები და მასტერკლასები გაიმართა თბილისში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და სხვა ქალაქებში.

შემაჯამებელ შეხვედრას გახსნა ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა. დამსწრეებს მიმართა ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, დოქტორი ტომას შრაპელი, ხოლო მთავარი მომხსენებელი იყო გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი ჰუბერტ კნირში.

ღონისძიებას დაესწრენ ჭავჭავაძის ცენტრის სამოქალაქო ჩართულობის პროექტში მონაწილე ექსპერტები: დავით პაიჭაძე, გია ნოდია, გიორგი მშვენიერაძე, გია ჯანდიერი, კორნელი კაკაჩია, გია ჯაფარიძე, ბუბა კუდავა და სხვები.

პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.