"ვკითხულობთ ერთად" - 2023 წლის ბოლო შეხვედრა

წლის ბოლო, სადღესასწაულო შეხვედრა ჩვეულებრივად, საქმიანად დავიწყეთ. თუმცა, ერთი საათის ნაცვლად ორმოცი წუთი ვიკითხეთ, თანაც მხოლოდ "მატილდა". არ უხდება დღესასწაულს პირქუში მითოლოგიური ამბები, თუ თავგადასავლებია, ასეთ დღეს ყოჩაღი ბავშვების თავგადასავლების მოსმენა უფრო სჯობს, ვიდრე ყოვლისშემძლე გმირებისა. მითუმეტეს რომ იმ თავს მივადექით, სადაც მრისხანე მის ტრანჩბულის შეშინება განუზრახავს ციცქნა ლევანდერს და ამისათვის ტრიტონები ჩაუსხამს წყლით სავსე დოქში.
 
ბოლო ოცი წუთი დაჯილდოების ცერემონიალს დავუთმეთ, პატარა მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ, რაც იმას ნიშნავს რომ დღეიდან ისინი უბრალო კი არა, სერტიფიცირებული მკითხველები არიან. წიგნებიც ვაჩუქეთ "თან საკითხავის" სერიიდან - ილიაზე, ვაჟაზე, აკაკიზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, გალაკტიონზე და არამხოლოდ მათზე - პლუტარქეზეც, ძველ რომზეც და თქვენ წარმოიდგინეთ, კობი ბრაიანტზეც.
 
შევთანხმდით რომ მომავალ წელს შევხვდებით, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ.