"ვკითხულობთ ერთად" - 2024 წლის დასაწყისი

დასრულდა არდადეგები და შევუდექით საქმეს - განვაგრძეთ კითხვა.
 
შარშან თუ თოთხმეტნი ვიყავით, წელს ოცდახუთნი ვართ. ორჯერ ვხვდებით ერთმანეთს, თორმეტსა და ორ საათზე.
 
თორმეტი საათის შეხვედრაზე ჯანი როდარის წიგნის, "ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში", კითხვა დავიწყეთ. გავიცანით ბიჭი, რომელსაც ისეთი ძლიერი ხმა აქვს რომ მისი ხმადაბალი ლაპარაკიც კი, საკლასო ოთახის ფანჯრებსა და დაფებს ამტვრევს.
 
ორ საათზე "მატილდას" მივუბრუნდით და გავიგეთ რომ გოგონას მათემატიკის შესწავლისა და რთული წიგნების იოლად წაკითხვის უნარის გარდა, კიდევ ერთი საოცარი უნარი აღმოაჩნდა - საგნების ამოძრავების, მათი გადაადგილების უნარი მზერით, მხოლოდ და მხოლოდ მზერით.
 
დონალდ ბისეტის მხიარული ამბებიც გავიხსენეთ - ბიჭუნასი, ვეფხვს რომ უღრენდა და ბულდოზერისა, ლოგინზე წამოგორება რომ უყვარდა.
 
დღევანდელი დღის მთავარი საკითხავი მაინც ტომას სტერნზ ელიოტის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსები გახლდათ უცნაურზე უცნაურ ფისოებზე, საერთო სახელით "მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ".