გამოვიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ახალი პუბლიკაცია: „ძალაუფლების ცვლილებები პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში: პოლიტიკური შესაძლებლობები და პარტიების როლი — შედარებითი ანალიზი“.
ეს ყოვლისმომცველი კვლევა ეხება ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილებების დინამიკას ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში — საქართველოში (2003), სომხეთში (2018), მოლდოვაში (2019), უკრაინასა (2019) და ბელარუსში (2020). კვლევაში განხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ან აფერხებენ დემოკრატიულ ტრანზიციებს ამ ქვეყნებში. კველვა ეფუძნება პოლიტიკური პროცესის და დემოკრატიზაციის თეორიას.
კვლევაში სიღრმისეულად არის გაანალიზებული, თუ როგორ მოქმედებს ელიტების დაყოფა, სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმების უნარი, გარე ზემოქმედება და პოლიტიკური პარტიების სტრატეგიული შესაძლებლობები დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის ფანჯრების წარმოქმნაზე. კონკრეტული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, პუბლიკაცია აჩვენებს, რომ მაშინ როდესაც ჰიბრიდულმა რეჟიმებმა, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, მიაღწიეს ცვლილებებს არჩევნების გზით, სომხეთსა და საქართველოს ესმავე მიზნის მიღწევა მშვიდობიანი რევოლუციების გზით შეძლეს, ხოლო ბელარუსში კონსოლიდირებულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა შეძლო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
აღნიშნული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევებისა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივების გასაანალიზებლად.
პუბლიკაცია მომზადდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის გულუხვი მხარდაჭერით და უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი ბიბლიოთეკის სექციაში.
https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2025-06-11/5232.pdf