ჭავჭავაძის ცენტრის განცხადება ბერლინის კედლის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით

9 ნოემბერი ბერლინის კედლის დაცემის დღეა. თითქმის 3 ათეული წლის მანძილზე ბერლინის კედელი წარმოადგენდა ცივილიზაციურ საზღვარს თავისუფლებასა და ტოტალიტარიზმს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ვულოცავთ ჩვენს გერმანელ მეგობრებს და თავისუფალი სამყაროს თავისუფალ მოქალაქეებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს! სამწუხაროდ, ბერლინის კედლის ნგრევა არ დასრულებულა. რკინის ფარდა ჯერ ისევ აღმართულია აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირიმში, დონბასში, დნესტრისპირეთში. კედლის ნგრევა არ დასრულებულა, ვიდრე ევროპის ქალაქებში დაქირავებული ქილერები პოლიტიკურ ოპონენტებს კლავენ და სანამ არსებობს ძალა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბერლინის კედლის შემოქმედი სახელმწიფოს დაშლა XX საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყო. ბერლინის კედლის ნგრევა არ დასრულებულა არც ადამიანების ცნობიერებაში. ჩვენი თაობის მთავარი გამოწვევა სწორედ ამ მენტალური ბარიერის დაძლევაა, რომელიც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია თავისუფლებისა და კეთილდღეობის გზაზე.

📸 Anthony Suau