თელავში ილია ჭავჭავაძის ცენტრის მასტერკლასები გაიმართა

 

პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში, 10-11 სექტემბერს თელავში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა რეგიონის სამოქალაქო აქტივისტებთან და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან.  შეხვედრის დასაწყისში ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ ისაუბრა პროექტის შესახებ, რასაც მოჰყვა დისკუსია ზაზა ბიბილაშვილთან ერთად თემაზე „საღი აზრი და მოქალაქეობა - ქართული საზოგადოება ახალი გამოწვევების პირისპირ“. ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „კულტურის და განათლების როლი და საქართველოს ევროპული არჩევანი“. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროფ. მარიამ გერსამიას სესიას:  „მედიაფსიქოლოგია და დებატების ხელოვნება“ და ლიკა სანიკიძის მასტერკლასს პროექტების დაფინანსებისა და დონორებთან ურთიერთობის საკითხებზე.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტი „საღი აზრი“ ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში. პროექტის მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო.  „კახეთის ხმასთან“ საუბრისას, ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ„ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო აქტივობის გაღრმავებას და, ძირითადად, გათვლილია ახალგაზრდებზე, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში. ახალგაზრდებს აქვთ მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ თავიანთი რესურსი გამოიყენონ. მათ სჭირდებათ პლატფორმა გააქტიურებისთვის. ამ პროექტის მიზანიც ესაა: აღმოაჩინოს აქტიური ახალგაზრდები რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა სახის სამოქალაქო პროექტში“.

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე 

https://bit.ly/31VZO9g?fbclid=IwAR3ccQzS5p-MMaD2GqfSxOp-Lzv7IFjNEkYwZbq6-GHRjIhqsUG5JilNY-o

გახდი ეროვნული პროექტის „საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ სერტიფიცირებული მონაწილე!