ჟამი ქვათა შეკრებისა: ორპარტიული დაყოფის მიღმა. კვლევის პრეზენტაცია

14 დეკემბერს, სასტუმრო რედისონში, ჭავჭავაძის ცენტრის ახალი კვლევის, „ჟამი ქვათა შეკრებისა: ორპარტიული დაყოფის მიღმა“, პრეზენტაცია გაიმართა.
 
რა უნდა მოიმოქმედონ არსებულმა თუ ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად? არსებობს თუ არა ნიშა ძლიერი „მესამე ძალისთვის“? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ახალი კვლევა, რომლის შედეგები და რეკომენდაციები დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინა. კვლევის მიზანია გამოკვეთოს ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ უპასუხონ ამომრჩევლის დაკვეთას, დაძლიონ არსებული გამოწვევები და გადალახონ საქართველოში დამკვიდრებული პარტიული დიქოტომია.
 
ნაშრომი წარადგინეს ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა, გიორგი ხარებავამ და გიგა ჯოხაძემ, ასევე CRRC-ის მკვლევარმა გივი სილაგაძემ. ღონისძიება გახსნა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, შტეფან მალერიუსმა. დისკუსიას უძღვებოდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით აფრასიძე.
 
პროექტის მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა ედუარდო ფრეის ფონდის მხარდაჭერით.